Loading data...
მაჭავარიანი: ბრიუსელისთვის საქართველოს მიერ საკუთარი სუვერენიტეტის დაცვა მიუღებელი გახდა იმ დღიდან, რა დღესაც დაიწყო რუსეთის აგრესია უკრაინაში, ვინაიდან ჩვენმა ხელისუფლებამ უარი განაცხადა, რომ საქართველო გამოეყენებინათ პროქსი ქვეყნად

ბრიუსელისთვის საქართველოს მიერ საკუთარი სუვერენიტეტის დაცვა მიუღებელი გახდა ზუსტად იმ დღიდან, რა დღესაც დაიწყო რუსეთის აგრესია უკრაინაში, ვინაიდან ჩვენმა ხელისუფლებამ უარი განაცხადა, რომ საქართველო გამოეყენებინათ პროქსი ქვეყნად, ისევე, როგორც გამოიყენეს უკრაინა. ზუსტად აქედან იწყება თავდასხმები საქართველოზე, მანამდე ყველაფერი მეგობრულ ფარგლებში ვითარდებოდა, - განაცხადა გადაცემაში „EURO ანატომია“ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ლევან მაჭავარიანმა.

მისი თქმით, ნებისმიერ პოლიტიკურ ჯგუფს, რომელიც ბრიუსელის პოლიტიკას აკრიტიკებს, „პრორუსის“ იარლიყს აწებებენ.

„ჩვენ ვხედავთ, რომ ბრიუსელის დღის წესრიგში არის ულტრამემარცხენე ფსევდოლიბერალური იდეოლოგიის გავრცელება, უკონტროლო არალეგალური მიგრაცია და მსგავსი საკითხები, რომლებიც ევროკავშირისთვის არის ძალიან მტკივნეული და დამაზიანებელი.

ნებისმიერი პოლიტიკური ჯგუფი, რომელიც ამ ყველაფერს აკრიტიკებს, მათი სამიზნე ხდება და მაშინვე ხდება „პრორუსის“ იარლიყის მიწებება, რაც ჩვენ უკვე ვნახეთ, არა მხოლოდ საქართველოსთან მიმართებით“, - აღნიშნა ლევან მაჭავარიანმა.