მაჭავარიანი: არ გავხდით პროქსი ომის მონაწილე სახელმწიფო, „ქართული ოცნების“ პირობებში ვერავინ გამოიყენებს საქართველოს მარიონეტ ქვეყნად

„არ გავხდით პროქსი ომის მონაწილე სახელმწიფო და ამას არასდროს გავაკეთებთ, „ქართული ოცნების“ პირობებში ვერავინ გამოიყენებს საქართველოს მარიონეტ ქვეყნად“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა განაცხადა, რომელიც პრემიერის განცხადებას გამოეხმაურა, სადაც ირაკლი კობახიძემ გაიხსენა ის მიზეზები, რასაც ევრობიუროკრატების მიერ საქართველოსთვის ბრძოლის გამოცხადება მოჰყვა.
მისი თქმით, საქართველომ ყველაფერი გააკეთა უკრაინისთვის, რაც შეეძლო.
„ჩვენ აბსოლუტურად ყველაფერი გავაკეთეთ, რაც შეგვეძლო. საერთაშორისო ასპარეზზე 600-ზე მეტ რეზოლუციას მივუერთდით. შევიფარეთ ათობით ათასი უკრაინელი, დავუნიშნეთ სოციალური დახმარება, ჰუმანიტარული დახმარებით მსოფლიოში მოწინავე პოზიციებზე ვართ. რა არ გავაკეთეთ!
ერთადერთი რამ არ გავაკეთეთ, რომ ჩვენც არ გავხდით პროქსი ომის მონაწილე სახელმწიფო და ამას არასდროს გავაკეთებთ, ვერავინ გამოიყენებს საქართველოს „ქართული ოცნების“ პირობებში მარიონეტ ქვეყნად“, - აღნიშნა მაჭავარიანმა.