Loading data...
მაჭავარიანი „ამნესთი ინთერნეიშენალისა“ და „ჰუმან რაითს ვოჩის“ ანგარიშებზე: მათი განცხადებები ლობისტური ჯგუფის განცხადებებს ჰგავს

„მათი განცხადებები ლობისტური ჯგუფის განცხადებებს ჰგავს“, - ასე ეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ლევან მაჭავარიანი „ამნესთი ინთერნეიშენალისა“ და „ჰუმან რაითს ვოჩის“ ანგარიშებს, სადაც ნათქვამია, რომ საქართველოში აქციებზე ადგილი ჰქონდა ძალადობას და ღია რეპრესიებს, რაც, მათივე შეფასებით, წამებას უტოლდება.

დეპუტატის თქმით, ეს ორგანიზაციები ტერმინ „წამებას“ იყენებდნენ მიხეილ სააკაშვილის შემთხვევაშიც.

„მიხეილ სააკაშვილი როდესაც იმ სპექტაკლს ასრულებდა, რომელიც 2 წელი გრძელდებოდა, ეს ორგანიზაციები ამტკიცებდნენ, მიხეილ სააკაშვილი იმყოფებოდა არაადეკვატურ პირობებში, მას ეპყრობოდნენ საშინლად, მას აწამებდნენ და კლავდნენ.

მთელმა საქართველომ იცის, რომ ეს ყველაფერი იყო სპექტაკლი, სიმულიანტობა და შემდეგ, სხვათა შორის,  სტრასბურგის სასამართლომაც დაადგინა, რომ მიხეილ სააკაშვილს არაფერი არ სჭირს. ჭამა დაიწყოს და კარგად გახდებაო, დაიწყო საკვების მიღება, ჩვეულებრივად მოპუტკუნდა და თავს შესანიშნავად გრძნობს. შესაბამისად, ასეთი ტიპის განცხადებებზე, რა თქმა უნდა, სერიოზული კომენტარის გაკეთება შეუძლებელია“, - აღნიშნავს მაჭავარიანი.