Loading data...
მაჭავარიანი 20 ივნისის საქმეზე: იკვეთება სერიოზული ბრალეულობა ბატონი გახარიას მიმართ, იგი არის გაქცეული - გაქცეულია იმიტომ, რომ იცის, ეს თავიდან ბოლომდე მისი პასუხისმგებლობა იყო

იკვეთება სერიოზული ბრალეულობა ბატონი გახარიას მიმართ. იგი არის გაქცეული - გაქცეულია იმიტომ, რომ იცის, ეს თავიდან ბოლომდე მისი პასუხისმგებლობა იყო, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა 20 ივნისის საქმეზე საუბრისას განაცხადა.

მაჭავარიანის თქმით, გიორგი გახარიამ ბევრჯერ განაცხადა პირდაპირ ეთერებში, რომ რეზინის ტყვიების გამოყენების ბრძანება მან გასცა, თუმცა მოგვიანებით ეს ჩვენება უარყო.

„შევახსენებ ჩვენს საზოგადოებას, თუ რამდენ პირდაპირ ეთერში აქვს ბატონ გახარიას გამეორებული და ხაზგასმული, რომ რეზინის ტყვიების გამოყენებაზე მან გასცა ბრძანება და შემდეგ, როგორ შეცვალა ეს ჩვენება საგამოძიებო კომისიაზე, როდესაც ძალიან ბინძურად შეაწმინდა ხელი პოლიციელებს და თქვა, რომ ეს პოლიციელების თვითნებური გადაწყვეტილება იყო.

ჩვენ ამაზე რეაგირება უნდა მოგვეხდინა. სტრასბურგის სასამართლომ რეკომენდაცია გასცა და ჩვენ ვალდებულები ვიყავით, რომ ეს ნაწილი გამოძიების ბოლომდე მიგვეყვანა. იკვეთება, რა თქმა უნდა, სერიოზული ბრალეულობა ბატონი გახარიასი. იგი არის გაქცეული - გაქცეულია იმიტომ, რომ იცის, ეს თავიდან ბოლომდე მისი პასუხისმგებლობა იყო. შესაბამისად, აქ პოლიტიკური მდგენელი არ მონაწილეობს. ეს არის კანონის აღსრულება“, - აღნიშნა მაჭავარიანმა.