ლევან ჟორჟოლიანი: შსს-მ ჯამში 330 ე.წ. მაინერი ამოიღო, მოვუწოდებთ მოსახლეობას, მაქსიმალურად ეთანამშრომლონ შსს-ს, რათა გამოვლინდეს ელექტროენერგიით სარგებლობის უკანონო ფაქტები
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჯამში 330 ე.წ. მაინერი ამოიღო, ჩვენი მიზანია, მაქსიმალურად ამოვიღოთ ყველა მაინერი, შესაბამისად, შემცირდეს ელექტროენერგიის მოხმარება, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა განაცხადა.
მისი თქმით, მთავრობა მოუწოდებს მოსახლეობას, ეთანამშრომლონ შინაგან საქმეთა სამინისტროს, რათა გამოვლინდეს ელექტროენერგიით სარგებლობის უკანონო ფაქტები.
„ჩვენი მიზანია, მაქსიმალურად ამოვიღოთ ყველა მაინერი, შესაბამისად, შემცირდეს ელექტროენერგიის მოხმარება, რომელიც 133 მლნ კილოვატ/საათს აჭარბებდა, რაც მესტიის ზომის მუნიციპალიტეტისთვის არარეალურია. ეს უნდა იყოს მაქსიმუმ 7-10 მლნ კილოვატ/საათი. ჩვენ მოვუწოდებთ მოსახლეობას, მაქსიმალურად ეთანამშრომლონ შინაგან საქმეთა სამინისტროს, რათა გამოვლინდეს ელექტროენერგიით სარგებლობის უკანონო ფაქტები“, - განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა.