ლევან ჟორჟოლიანი: სადისტრიბუციო კომპანიების წარმომადგენლებთან განვიხილეთ ფასწარმოქმნის ჯაჭვი საზღვრიდან დახლამდე, კომპანიები გამოხატავენ აბსოლუტურ მზაობას, რომ ვიმუშაოთ ფასების შემცირებაზე
„სამთავრობო საკოორდინაციო კომისია შეხვდა სადისტრიბუციო კომპანიების წარმომადგენლებს, გამოითქვა მზაობა აქტიურ მუშაობასთან დაკავშირებით“, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა სასურსათო პროდუქციის ფასებთან დაკავშირებით მოქმედი სამთავრობო საკოორდინაციო კომისიის ფორმატში სადისტრიბუციო კომპანიების წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
ლევან ჟორჟოლიანის თქმით, შეხვედრაზე განიხილეს ფასწარმოქმნის ჯაჭვი საზღვრიდან დახლამდე და გაიცვალა მოსაზრებები ამ მიმართულებით.
„სასურსათო ფასებზე სამთავრობო საკოორდინაციო კომისიის მორიგი შეხვედრა გაიმართა, სადაც კომისია შეხვდა სადისტრიბუციო კომპანიების წარმომადგენლებს. გამოითქვა მზაობა აქტიურ მუშაობასთან დაკავშირებით. ასევე, განვიხილეთ ფასნამატის წარმოქმნის ლოგიკა, ფასწარმოქმნის ჯაჭვი საზღვრიდან დახლამდე. გაიცვალა მოსაზრებები ამ მიმართულებით. მნიშვნელოვანია, რომ როგორც წინა შემთხვევაში ქსელურ მარკეტებთან, ისე დისტრიბუციის შემთხვევაში, კომპანიები გამოხატავენ აბსოლუტურ მზაობას იმასთან დაკავშირებით, რომ ვიმუშაოთ ფასების შემცირებაზე“, - განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა.