ლევან მახაშვილი: საქართველოს არცერთი ელჩი არ იკადრებს, რომელიმე ქვეყნის ბნელ წარსულზე მითითებები გააკეთოს, მით უმეტეს, მუქარებით ელაპარაკოს მოსახლეობას
ამ თემასთან დაკავშირებით წიაღსვლებს მოვერიდები, სიტუაცია მარტივია, პაველ ჰერჩინსკი ელჩია და ვალდებულებები აქვს, რომ ადგილსამყოფელ ქვეყანას პატივი სცეს, მთელი კონტექსტი გაითვალისწინოს და ნეიტრალური პოზიცია დაიჭიროს, – ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა განაცხადა.
მახაშვილის თქმით, ელჩმა უნდა დაიცვას, პატივი სცეს ადგილსამყოფელ ქვეყანას და გააკეთოს ის, რაც შეეფერება და რაც დაშვებულია ელჩისთვის.
„ამის ნაცვლად, ჩვენ ხან წინასაარჩევნოდ და ხან არჩევნების შემდგომ ასეთ „გამონათებებს“ ვხედავთ. ზოგიერთი ელჩი რაღაც პოლიტიკურ მატრაკვეცობას მიმართავს, მათ შორის, სამწუხაროდ, როგორც ჩანს, ევროკავშირის ელჩმაც გადაწყვიტა, ამ მოდას აჰყვეს. ბევრი გვინახავს, რომ თავიდან ძმობას ეფიცება ხოლმე საქართველოს მოსახლეობას და ასრულებენ ისე, როგორც ასრულებენ. საქართველოს არცერთი ელჩი არ იკადრებს, რომ რომელიმე ქვეყნის ბნელ წარსულზე მითითებები გააკეთოს, მით უმეტეს, მუქარებით ელაპარაკოს მოსახლეობას – ეს არ არის ელჩის მოვალეობა. ელჩმა უნდა დაიცვას, პატივი სცეს ადგილსამყოფელ ქვეყანას და გააკეთოს ის, რაც შეეფერება და რაც დაშვებულია ელჩისთვის. ამიტომ ყველა ასეთმა ადამიანმა თავი უნდა დაანებოს რაღაც პოლიტიკურ პროცესებში ჩართვას, პოლიტიკურ ეკლექტურობას და გააკეთოს ის, რაც არის მათი ვალდებულება, თავის დროზე რა პირობაც დადეს, მაშინ, როდესაც მათ გადასცეს აგრემანები, გადასცეს თანხმობა, როდესაც ამ ქვეყანაში ინიშნებოდნენ, რომ ისინი პატივს სცემდნენ საქართველოს, მათ შორის, პოლიტიკურ პროცესებს და იქნებოდნენ ნეიტრალური პიროვნებები და არა პოლიტიკური პროცესის პირდაპირ აქტიური მონაწილეები. ღობეზე საუბარი მათი ძლიერი მხარე არ არის. მათ პატივი უნდა სცენ საქართველოს და გაითვალისწინონ მთელი პოლიტიკური კონტექსტი, ნეიტრალური თვალსაზრისით. იქ მარტივი მიზეზით იყო მისული ეს ადამიანი, რომ ახსნა-განმარტება გადაეცა, თუ რა განცხადება გააკეთა და რატომ გააკეთა ეს განცხადება. ყველაფერი დანარჩენი უკვე კარგად დავიწყებული ძველი ამბებია. ერთი და იგივე განცხადება და იგივე ბრალდებები მილიონჯერ რომ გაიმეორონ, ტელეფონი ვერ გახდება მანქანა“, – განაცხადა მახაშვილმა.