Loading data...
ლევან მახაშვილი: საქართველო ისეთ შეხვედრებში მონაწილეობას ვერ მიიღებს, რომლებზეც სხვა ქვეყნები ერთ დონეზე არიან მიწვეული, ხოლო საქართველო – დაკნინებულ ფორმატში

„საქართველო ისეთ შეხვედრებში მონაწილეობას ვერ მიიღებს, რომლებზეც სხვა ქვეყნები ერთ დონეზე არიან მიწვეული, ხოლო საქართველო – განსხვავებულ, დაკნინებულ ფორმატში“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

მახაშვილის თქმით, ყველაფერს თავისი წესი და პროცედურა აქვს, რომელთა დაცვა და გათვალისწინება აუცილებელია.

„სწორედ ამაში გამოიხატება სერიოზულობა და ის, რამდენად სცემს ბრიუსელი პატივს საქართველოს. სწორედ აქ გამოიხატა მთავარი უპატივცემულობა და წესების აღრევა. შესაბამისად, საქართველო ისეთ შეხვედრებში მონაწილეობას ვერ მიიღებს, რომლებზეც სხვა ქვეყნები ერთ დონეზე არიან მიწვეული, ხოლო საქართველო განსხვავებულ, დაკნინებულ ფორმატში. ამიტომ ჩვენ ასეთ შეხვედრაში მონაწილეობა გაგვიჭირდებოდა, თუმცა შინაარსობრივად ყოველთვის ვიყავით, ვართ და ვიქნებით სანდო პარტნიორი, რომლისთვისაც მნიშვნელოვანია ამ სავაჭრო დერეფნის განვითარება.

ბრიუსელის დამოკიდებულება არასერიოზულია და ეს იმ მიზეზებშიც ჩანს, რომელთა გამოც შესაძლოა, საქართველო არ მიეწვიათ. ავიღოთ მიწვეული ქვეყნები და ვნახოთ, რომელია საქართველოზე უფრო დემოკრატიული, უფრო ევროპული ან გეოგრაფიული თვალსაზრისით უფრო უპირატეს მდგომარეობაში და ამ სავაჭრო დერეფნის განვითარებაში უფრო მნიშვნელოვან როლს ასრულებს. საზოგადოებას შევახსენებ, რომ მიწვეულნი არიან სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის სახელმწიფოები. საზოგადოებამ განსაჯოს, რამდენად სერიოზული იყო ბრიუსელის დამოკიდებულება საქართველოს მიმართ. იქნება სერიოზულ დონეზე მოწვევა? რა თქმა უნდა, მზად ვართ, ამ საკითხს სერიოზულად მოვეკიდოთ“, – აღნიშნა მახაშვილმა.

მისივე განცხადებით, დღეს ბრიუსელის პოლიტიკა ჩიხშია შესული.

„მიუხედავად იმისა, რომ მიმდინარეობს ძიება, როგორ შეიძლება ამ ჩიხიდან ისე გამოსვლა, რომ საკუთარი სახე შეინარჩუნონ, გამოსავლის პოვნა ჯერ ვერ ხერხდება. ამის მიზეზია ის, რომ ევროკავშირის ზოგიერთ წევრ სახელმწიფოსა და ცალკეულ ბიუროკრატს, კაია კალასით დაწყებული და მის იერარქიულ დაქვემდებარებაში მყოფი რამდენიმე პირით დასრულებული, ხისტი პოზიციები აქვთ. სწორედ ამიტომ არის მათი პოლიტიკა ჩიხში შესული.

ამით საქართველოს არაფერი უზიანდება. ქვეყანა აგრძელებს პორტების განვითარებას, აეროპორტების მშენებლობას, რკინიგზისა და საავტომობილო გზების განვითარებას. ამ პროცესს სრული სერიოზულობით ვეკიდებით. ჩართული ვართ ყველა იმ მსხვილ სავაჭრო პარტნიორთან ურთიერთობაში, რომელიც სავაჭრო დერეფნის განვითარებით არის დაინტერესებული, ეს იქნება ჩინეთი, ცენტრალური აზიის სახელმწიფოები, ჩვენი უშუალო მეზობლები თუ ევროკავშირის ცალკეული სახელმწიფოები“, – განაცხადა მახაშვილმა.

როგორც ლევან მახაშვილმა განაცხადა, მთავარი კითხვაა, როდის შეწყვეტს ბრიუსელი არასერიოზულ პოლიტიკას და როდის ჩაერთვება პროცესში სერიოზულად, რათა გათვალისწინებული იყოს არა მხოლოდ საქართველოს, არამედ თავად ევროკავშირის ინტერესებიც და მოხდეს მათი განვითარება.

„მოდით, გულწრფელები ვიყოთ – რაც უფრო აჭიანურებს ბრიუსელი პროცესში ჩართვას, მით უფრო ნაკლები რესურსი რჩება, რათა ამ რეგიონში სერიოზულად იყოს წარმოდგენილი. ის თუ არ ერთვება პროცესში, მაშინ მასში სხვა სახელმწიფოები ერთვებიან. შესაბამისად, რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება მათი მხრიდან ჭირვეულობის პოლიტიკა, მით მეტად დააზარალებს თავიანთსავე ინტერესებს. ჩვენი ინტერესია, რომ ბრიუსელი და ევროკავშირი სამხრეთ კავკასიაში რაც შეიძლება მალე, ფართოდ და ძლიერად იყვნენ წარმოდგენილი. დანარჩენი უკვე თავად ბრიუსელსა და მის რესურსებზეა დამოკიდებული – შეძლებს თუ არა ამ პროცესის გადალახვას და ამ ჩიხიდან გამოსავლის პოვნას“, – აღნიშნა მახაშვილმა.