Loading data...
ლევან მახაშვილი: საბედნიეროდ, მიხეილ სააკაშვილი არის ამ ქვეყნის წარსული

„საბედნიეროდ, მიხეილ სააკაშვილი არის ამ ქვეყნის წარსული და გასაგები მიზეზების გამო, იმიტომ რომ ეს არის ადამიანი, რომელთანაც ასოცირდება ძალადობა, ტერორი, ადამიანის უფლებების დარღვევა, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფა და ყველაფერი, რაც საქართველოს ინტერესებს ეწინააღმდეგება“, - ამის შესახებ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა განაცხადა, რითაც ის „სამოქალაქო საზოგადოება მიხეილ სააკაშვილის თავისუფლებისათვის“ მოთხოვნას გამოეხმაურა, რომელიც ქვეყნის მესამე პრეზიდენტის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვს.

 მისი თქმით, სააკაშვილის რეჟიმი საქართველოს ხელისუფლებაში ვერასოდეს დაბრუნდება.

„ვხედავთ, რომ დღემდე არის „ნაციონალური მოძრაობა“ და მათთან სხვადასხვა ფორმით დაკავშირებული პოლიტიკური და საზოგადოებრივი ჯგუფები, რომლებიც სწორედ აი ამ ძალადობრივ წარსულს მისტირიან, თუმცა საზოგადოებამ არაერთხელ, მკაფიოდ განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილი და იმ ტიპის ძალადობრივი რეჟიმი არის ამ ქვეყნის წარსული და ისინი საქართველოს ხელისუფლებაში ვერასოდეს დაბრუნდებიან“, - აღნიშნა მახაშვილმა.