Loading data...
ლევან მახაშვილი: „მოსკოვის მექანიზმს“ არანაირი საერთო არ აქვს ჰააგის სასამართლოსთან, ამ ეტაპზე ჰააგაში რაიმეს გადამისამართება ღიმილის მომგვრელია, არანაირი სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს

უსაფუძვლო ბრალდებები გასული წლების განმავლობაში არაერთხელ მოვისმინეთ, „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში არსებული დასკვნა სწორედ ამ უსაფუძვლო ბრალდებების კრებულია, – ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, „მოსკოვის მექანიზმს“ ჰააგის სასამართლოსთან საერთო არაფერი აქვს.

„ეს დოკუმენტი მტკიცებულებების მიღმა პოლიტიკურ შეფასებებს შეიცავს და არა მტკიცებულებებით გამყარებულ სამართლებრივ დასკვნებს. რა თქმა უნდა, ჩვენ სახელმწიფოს გაუქმებას არ ვაპირებთ. ამ რეკომენდაციების მიღება ნიშნავს, რომ სახელმწიფომ სახელმწიფოებრიობაზე ხელი აიღოს და გადაწყვეტილებების მიღების უფლება უცხო ძალებს გადასცეს. რა თქმა უნდა, საქართველო ამის გაკეთებას არ აპირებს.

უსაფუძვლო ბრალდებები გასული წლების განმავლობაში არაერთხელ მოვისმინეთ, ეს დასკვნა კრებულია სწორედ ამ უსაფუძვლო ბრალდებების. თუ ვინმეს რაიმე კითხვა აქვს, მზად ვართ, დებატების ფორმატში, ნებისმიერ ფორმატში თითოეული კანონი დავიცვათ. რაც შეეხება ჰააგის ნაწილს, ეს წმინდა წყლის სპეკულაციაა, რადგან ამ მექანიზმს არანაირი საერთო არ აქვს ჰააგის სასამართლოსთან. პირიქით, ყველა მხარეს მოვუწოდებთ, სპეკულაციების ნაცვლად, თუ რაიმე აქვთ სამტკიცებელი, სამართლებრივი მექანიზმები გამოიყენონ. ამ ეტაპზე, ჰააგაში რაიმეს გადამისამართება ღიმილის მომგვრელია, არანაირი სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს“, – განაცხადა მახაშვილმა.