ლევან მახაშვილი: მარტა კოსის განცხადება მიუღებელი იყო, კანდიდატი ქვეყნების მიმართ ბრიუსელის პოზიციაა, რომ ქვეყანამ თვალი არ უნდა გაახილოს და მათ გარეშე საკუთარი საშინაო თუ საგარეო პოლიტიკა არ უნდა ჰქონდეს
საზოგადოებას ბრიუსელის წარმომადგენლების მხრიდან ბევრი განცხადება აქვს მოსმენილი. შეიძლება, ზოგიერთი რამ აღარც გაგვიკვირდეს, მაგრამ მარტა კოსის განცხადება ყოვლად მიუღებელი იყო, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა განაცხადა.
მახაშვილმა კომენტარი გააკეთა გაფართოების საკითხებში ევროკომისრის, მარტა კოსის განცხადებაზე, რომლის თანახმადაც: „ევროკავშირში გაწევრიანების მსურველმა ქვეყნებმა დონალდ ტრამპის MAGA-ს მოძრაობასთან კავშირები უნდა გაწყვიტონ, რათა ორგანიზაციის წევრობა შეძლონ“.
„მას თუ გასული პერიოდის მოთხოვნების საერთო კონტექსტში ჩავსვამთ, ვნახავთ, რომ ბრიუსელის პოზიცია კანდიდატი ქვეყნების მიმართ ასეთია – ქვეყანამ თვალი არ უნდა გაახილოს, არ უნდა ისუნთქოს და მათ გარეშე საკუთარი საშინაო თუ საგარეო პოლიტიკა არ უნდა ჰქონდეს.
შეგვიძლია, შევაჯამოთ, რა მოუტანა ბრიუსელს ამ მცდარმა პოლიტიკამ. მათ ურთიერთობები წააგეს და დაკარგეს ჩინეთთან, რუსეთთან, ახლა კი, როგორც ჩანს, ამერიკასთანაც. ისლანდიისა და გერმანიის ადგილობრივი არჩევნები აჩვენებს, რომ ისინი საკუთარ მოსახლეობასაც კარგავენ. პარტნიორებთან ურთიერთობის ასეთი ხისტი მეთოდებით გაგრძელებას თუ აპირებენ, პარტნიორებსაც დაკარგავენ. აქ საუბარი მხოლოდ საქართველოზე არ არის.
ეს იმ ადამიანის თუ აქტორის განწირული განცხადებაა, რომელმაც გასული წლების განმავლობაში ყველა გეოპოლიტიკური თამაში წააგო. საზოგადოებამ იცის, რას ფიქრობს, ტრამპი ევროკავშირზე. აშშ-ისა და ევროკავშირის დღევანდელ ურთიერთობებს პარტნიორულს ვერ დავარქმევდი. შეუძლებელია, პარტნიორი ეძახო მას, ვისთანაც სატარიფო ომში ხარ, ვისი წევრი ქვეყნის ტერიტორიის წართმევით ემუქრები და ვის ლიდერებსაც უმოწყალოდ აკრიტიკებ. სწორედ ბრიუსელის არასწორმა საგარეო პოლიტიკამ მოიტანა ეს მდგომარეობა ორ აქტორს შორის. აშშ-ევროკავშირის ურთიერთობები პირველი მსხვერპლი არ არის.
მანამდე დაპირისპირება იყო რუსეთთან, შემდეგ - ჩინეთთან. ასე შემოეცალა ბრიუსელს ყოფილი პარტნიორები. ამ განცხადების მთავარი არსია, რომ საკუთარ პარტნიორებს ვერ აუხსნეს, რატომ არის ბრიუსელი მათი მხარდამჭერი და მეგობარი. ვერც განუმარტავდნენ, რადგან როცა შიდა რევოლუციებსა და დამხობებს ახალისებ, ეკონომიკურ პოლიტიკას უკრძალავ და ფაქტობრივად, რუსეთთან ესკალაციაში ახალისებ, ასეთ დროს პარტნიორებს კარგავ“, – აღნიშნა მახაშვილმა.
მისივე თქმით, დროა, დამატებითი მცდარი ნაბიჯების გადადგმის ნაცვლად, ბრიუსელი უბრალოდ გაჩერდეს და პარტნიორების გულის მოგებას შეეცადოს.
„ეს ის ტენდენციაა, რასაც ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ვაკვირდებით – სათითაოდ იკარგება მთავარი სავაჭრო პარტნიორები – ჯერ რუსეთი, შემდეგ ჩინეთი, ახლა კი, ამერიკა. ევროკავშირი გეოპოლიტიკურ ასპარეზზე რაც უფრო წაგებული პოზიციიდან ითამაშებს, მით უფრო ხისტი იქნება მისი დამოკიდებულება პარტნიორების მიმართ, თუმცა ეს ახალ პარტნიორებს ვერ შესძენს, პირიქით, უფრო მეტს დააკარგვინებს.
ამიტომ, დროა, ბრიუსელი უბრალოდ გაჩერდეს. დამატებითი მცდარი ნაბიჯების გადადგმის ნაცვლად, უბრალოდ, გაჩერდეს და გადაიაზროს თავისი მცდარი საგარეო პოლიტიკა და პარტნიორების გულის მოგებას შეეცადოს“, - აღნიშნა მახაშვილმა.