ლევან მახაშვილი მაია სანდუზე: ვერ გეტყვით რატომ აძლევს თავს უფლებას დსთ-ის წევრი ქვეყნის ჩინოვნიკი, რომ სხვა ქვეყნის, საქართველოს საგარეო პოლიტიკა დაიწუნოს, ალბათ დაასრულა საკუთარი ქვეყნის გაუქმება
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში სიტყვით გამოსვლის დროს, მოლდოვის პრეზიდენტმა რუსეთის ჰიბრიდულ ოპერაციებზე ისაუბრა.
მაია სანდუ თავის გამოსვლაში საქართველოსაც შეეხო და განაცხადა, რომ რუსეთმა საქართველო საკუთარ ორბიტაზე დააბრუნა.
მმართველი გუნდი მოლდოვის პრეზიდენტს საკუთარ ქვეყანაში არსებულ ვითარებას- მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობას, კორუფციის მაღალ მაჩვენებელს და გაღატაკებულ მოსახლეობას ახსენებს.
„ქართულ ოცნებაში“ იმ ფაქტებსაც იხსენებენ, თუ როგორ გახდა სანდუ ქვეყნის გარეთ მიღებული ხმებით პრეზიდენტი, გააუქმა ოპოზიციური პარტიები და მედია. დღეს კი მზად არის ქვეყანას დამოუკიდებლობა წაართვას და რუმინეთს მიუერთოს.
„ვერ გეტყვით რატომ აძლევს თავს უფლებას დსთ-ის წევრი ქვეყნის ჩინოვნიკი, რომ სხვა ქვეყნის, საქართველოს საგარეო პოლიტიკა დაიწუნოს. ალბათ დაასრულა საკუთარი ქვეყნის გაუქმება და შეუძლია სხვა საკითხებზეც გააკეთოს კომენტარი. ჩვენ ბევრი გვინახავს საქართველოს საკითხით ჟონგლიორობა სხვადასხვა პოლიტიკოსის მხრიდან. ხშირად იყენებენ საქართველოს საკითხს საკუთარი, შიდა, მათ შორის მარცხის გასამართლებლად და ა.შ. ამიტომ, შეიძლება ამ პროცესის ნაწილიც იყოს. უარესი განცხადებები მოვისმინეთ, პირდაპირ საკუთარი ქვეყნის გაუქმებაზე აპირებს როგორც ჩანს ხელმოწერას თუ ამის საჭიროება დადგება. ეს არ არის ჩვენი თემა. უბრალოდ, ჩვენ ყველას მოვუწოდებთ, რომ თავი დაანებონ საქართველოს საკითხით მანიპულირებას“, - განაცხადა ლევან მახაშვილმა.