ლევან მახაშვილი - ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რომ „ნამოხვანჰესის“ საქმე არ დააწვეს სახელმწიფო ბიუჯეტსა და საზოგადოების განვითარებას, ვეცდებით, ეს საკითხი ეტაპობრივად ჩავხუროთ
„ყველა ფორმატში, იქნება ეს სასამართლოს თუ სხვა კანონიერი გზით, ვეცდებით, „ნამახვანჰესის“ საკითხი შეუქცევად პრობლემად არ იქცეს და ეტაპობრივად ჩავხუროთ“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ლევან მახაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რომ „ნამახვანჰესის“ საქმე სახელმწიფო ბიუჯეტს არ დააწვეს.
„უნდა ითქვას, რომ ამ წლების განმავლობაში „ნამახვანჰესის“ საქმესთან დაკავშირებით ვნახეთ, როგორი იერიში იყო მიტანილი სახელმწიფოს ენერგოდამოუკიდებლობაზე, სახელმწიფოს ფუნქციონირების კრიტიკულ ფაქტორებზე და კომპონენტებზე. ეს იყო ცალსახად დივერსია სახელმწიფოს ეკონომიკური დამოუკიდებლობის თუ ენერგოდამოუკიდებლობის წინააღმდეგ. ასევე საზოგადოება ხედავს, რომ საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რათა ეს პრობლემა არ დააწვეს სახელმწიფო ბიუჯეტს და საბოლოოდ, საზოგადოების ნორმალურ განვითარებას. ყველა ფორმატში, იქნება ეს სასამართლოს თუ სხვა კანონიერი გზით, ვეცდებით, ეს საკითხი შეუქცევად პრობლემად არ იქცეს და ეტაპობრივად ჩავხუროთ“, – აღნიშნა მახაშვილმა.
ცნობისთვის, პარიზის სააპელაციო სასამართლომ „ნამოხვანჰესის“ საქმეზე დაადასტურა საერთაშორისო არბიტრაჟის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, საქართველოს კომპანია „ენკასთვის“ 400 მილიონი აშშ დოლარის გადახდა დაეკისრა, თუმცა შეაჩერა მისი აღსრულება, ვიდრე სააპელაციო სასამართლო საბოლოო განაჩენს გამოიტანს.