ლევან მახაშვილი: ხედავენ, რომ ეს „მეგობარი აქტი“ არის ჩვეულებრივი მანიპულაციური დოკუმენტი, რომლითაც ცდილობენ დააზიანონ ორმხრივი ურთიერთობები
აშშ-ის სენატში „მეგობარი აქტის“ მიღების ინიციატივის ჩავარდნას მმართველ გუნდში ეხმაურებიან.
პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის ლევან მახაშვილის განცხადებით, ეს არის ჩვეულებრივი მანიპულაციური დოკუმენტი, რომლითაც ცდილობენ, რომ დააზიანონ ორმხრივი ურთიერთობები.
„ეს, ერთის მხრივ არის იმედის მომცემი ცალსახად, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში კონგრესმენები და სენატორები ჯანსაღად უყურებენ ზოგადად ამ პროცესს. ხედავენ, რომ ეს „მეგობარი აქტი“ არის ჩვეულებრივი მანიპულაციური დოკუმენტი, რომლითაც ცდილობენ, რომ დააზიანონ ორმხრივი ურთიერთობები.
მეორეს მხრივ, ეს არის ჩვენი მხრიდან პოლიტიკური თვალსაზრისით, რა თქმა უნდა, იმედის მომცემი ნაბიჯი არა საბოლოო აქტი, მაგრამ იმედის მომცემი კარგი პირველი ნაბიჯი, იმისა, რომ გადაიტვირთოს საქართველო-ამერიკის ურთიერთობები. ეს არ არის საბოლოო გადაწყვეტილება ბუნებრივია, ჩვენ დაველოდებით ამ მომენტს, როდესაც ამ ტიპის სიგნალები გადაითარგმნება კონკრეტულ გადაწყვეტილებებში და ასეთი გადაწყვეტილების შემთხვევაში, ჩვენ, რა თქმა უნდა, მზად ვართ, რომ ახალი ენერგიით, ახალი ინტერესით გადავტვირთოთ ორმხრივი ურთიერთობები“, - აცხადებს ლევან მახაშვილი.