ლევან მახაშვილი: გვქონდა მოლოდინი, რომ ეუთო/ოდირი არ ჩამოვიდოდა, იყო იმის მოლოდინი, რომ გარკვეული ზეწოლა იქნებოდა მათზე სხვადასხვა პოლიტიკური ძალისგან

„ეუთო/ოდირს ჰქონდა სრული შესაძლებლობა, რომ სურვილის და საჭიროების შემთხვევაში, ჩამოსულიყო“, - ამის შესახებ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ეუთო/ოდირის განცხადებას, სადაც ისინი აღნიშნავენ, რომ 4 ოქტომბრის არჩევნებზე მისიის განთავსების შესაძლებლობა არ ექნებათ, თუმცა მანდატის ფარგლებში გააგრძელებენ მოვლენების მონიტორინგს.
მისი თქმით, მმართველ გუნდს ჰქონდა მოლოდინი, რომ ეუთო/ოდირის მისია არ ჩამოვიდოდა.
„სიმართლე გითხრათ, გვქონდა მოლოდინი, რომ არ ჩამოვიდოდნენ რამდენიმე მიზეზის გამო. პირველი - როგორც წესი, ისინი აკვირდებიან ხოლმე საპარლამენტო არჩევნებს, მეორე - იყო იმის მოლოდინი, რომ გარკვეული ზეწოლა იქნებოდა მათზე სხვადასხვა პოლიტიკური ძალისგან.
რაიმე ფიქსირებული ვადები [არჩევნებზე დასაკვირვებლად მომზადებისთვის] აქ არ არსებობს, ორმხრივი შეთანხმების საგანია, ამიტომ ეს ნაკლებად არის მიზეზი.
თუ ნამდვილად აქვს ეუთო/ოდირს სურვილი, შეუძლიათ აქ ჩამოსვლის გადაწყვეტილების მიღება. პატივს ვცემთ და მივესალმებით მათ გადაწყვეტილებას და იმედია, ისინიც პატივისცემით მოეპყრობიან საქართველოს მოსახლეობის არჩევანს მუნიციპალურ არჩევნებზე“, - აღნიშნავს მახაშვილი.