ლევან მახაშვილი: გვაქვს მოლოდინი, რომ საგაზაფხულო სესიაზე პარლამენტში ოპოზიციის ბევრ სახეს ვიხილავთ - ტრამპის ინაუგურაციის შემდეგ გარკვეული პროცესები იქნება
ოპოზიცია არა თუ არ დატოვებს მანდატებს, არამედ ერთმანეთს დაასწრებენ პარლამენტში შესვლას, - განაცხადა გადაცემა „ქრონიკაში“ „ქართული ოცნების“ წევრმა ლევან მახაშვილმა
მისი თქმით, ტრამპის ინაუგურაციის შემდეგ გარკვეული პროცესები იქნება და მანდატების გაუქმებაზე საუბარი ჯერ ნაადრევია.
„ვიცით, რომ თვითონ ამ გუნდებშიც დაპირისპირებაა. უმრავლესობას უნდა, რომ შემოვიდეს, მაგრამ ცდილობენ, დაძაბონ ეს განწყობები. აქვთ 2-თვიანი პერიოდი, როდესაც ტრამპის ინაუგურაცია შედგება. იქამდე არის რბოლა, რომ თუკი რაიმე ხმამაღალი განცხადებების გაკეთება შეუძლიათ, ახლა აქვთ ეს პერიოდი. ამიტომ ამ პერიოდში მაქსიმალურ რადიკალიზაციას, დაძაბულობას ახდენენ და ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ დაახლოებით თებერვლიდან, საგაზაფხულო სესიის დაწყებიდან პარლამენტში ოპოზიციის ბევრ სახეს ვიხილავთ“, - აღნიშნა ლევან მახაშვილმა.
მისი თქმით, 25 ნოემბერს პარლამენტი კანონისა და კონსტიტუციის შესაბამისად შეიკრიბება.