Loading data...
ლევან მახაშვილი „გორბის“ კვლევაზე: ეს კვლევა ძალიან კარგად აჩვენებს, რომ „ქართულ ოცნებას“ არ ჰყავს რეალური ალტერნატივა, რეალური პოლიტიკური ოპონენტი

„ქართულ ოცნებას“ არ ჰყავს რეალური ალტერნატივა, რეალური პოლიტიკური ოპონენტი ქართულ სივრცეში“, - ასე გამოეხმაურა ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი „გორბის“ საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებს.

მისი თქმით, ამ კვლევით ასევე კარგად გამოჩნდა, რომ მოსახლეობის უდიდესი ნაწილი მმართველ პარტიას ენდობა. 

„ეს კვლევა ძალიან კარგად აჩვენებს იმ პოლიტიკურ განწყობებს, რაც არის დღეს საქართველოში, მათ შორის იმასაც, რომ „ქართულ ოცნებას“ არ ჰყავს რეალური ალტერნატივა, რეალური პოლიტიკური ოპონენტი ქართულ სივრცეში. ასევე, აჩვენებს იმას, რომ მოსახლეობის უდიდესი ნაწილი მხარს უჭერს „ქართული ოცნების“ მიერ გადადგმულ ნაბიჯებს და ასევე, იმედიანად არის განწყობილი მომავალთან, მათ შორის ხელისუფლების მიერ დაგეგმილ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით“, - აცხადებს მახაშვილი.

ინფორმაციისთვის, საქართველოს საზოგადოებრივი აზრის და ბიზნესის კვლევის საერთაშორისო ცენტრმა „გორბიმ“ ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით კვლევა ჩაატარა.

კითხვაზე, პარლამენტის არჩევნები ამ კვირას რომ ტარდებოდეს, ვის მისცემდით ხმას შემდეგი პარტიებიდან? გამოკითხულთა 56,2%-მა „ქართულ ოცნება“ დაასახელა.

ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით საქართველოს საზოგადოებრივი აზრისა და ბიზნესის კვლევის საერთაშორისო ცენტრმა „გორბიმ“ საზოგადოებრივი აზრის კვლევა თბილისისა და ქვეყნის მასშტაბით, პირისპირი ინტერვიუირების მეთოდის გამოყენებით ჩაატარა. საველე სამუშაოები 2025 წლის 22 ივნისი - 5 ივლისს შესრულდა. შედგა 2300 პირისპირი ინტერვიუ საქართველოს ზრდასრულ მოქალაქესთან (18 წლის და მეტი ასაკის).