Loading data...
ლევან მახაშვილი: გეგმაზომიერად, ჩვენი ინტერესების შესაბამისად ვცდილობთ ურთიერთობის აწყობას აშშ-სთან, არაერთი სამუშაო პროცესი წარიმართა და კარგია, რომ ეს შეხვედრები ნელ-ნელა პოლიტიკურ გადაწყვეტილებებშიც გადაითარგმნება

ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძისა და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მარკო რუბიოს შორის გამართულ სატელეფონო საუბარს გამოეხმაურა.

დეპუტატი იმედოვნებს, რომ ეს კომუნიკაცია მნიშვნელოვან ბიძგს მისცემს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გადატვირთვას.

„ჩვენ გეგმაზომიერად, ნაბიჯ-ნაბიჯ, ჩვენი ინტერესების შესაბამისად ვცდილობთ ურთიერთობის აწყობას აშშ-სთან. არაერთი შეხვედრა და სამუშაო პროცესი წარიმართა გასული თვეების განმავლობაში და კარგია, რომ ეს სამუშაო შეხვედრები ნელ-ნელა პოლიტიკურ გადაწყვეტილებებშიც გადაითარგმნება. მივესალმებით ამ ზარს, იყო ძალიან ნაყოფიერი, საჭირო და დროული ზარი და იმედი გვაქვს, რომ ეს დამატებით ბიძგს მისცემს ორმხრივი ურთიერთობების გადატვირთვას“, - განაცხადა მახაშვილმა.

აშშ-ის სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსა და საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს შორის სატელეფონო საუბარი  30 მარტს შედგა.