Loading data...
ლევან მახაშვილი ევროკომისიის ანგარიშზე: ეს არის კომპილაცია, თავს უყრის იმ ბრალდებებს, რასაც ბრიუსელი აჟღერებდა ხელისუფლების წინააღმდეგ, საქართველო სწორი საშინაო და თუ საგარეო პოლიტიკის წყალობით ვითარდება და ეს არის მთავარი

„ეს არის კომპილაცია, თავს უყრის იმ ბრალდებებს, რასაც ბრიუსელი აჟღერებდა ხელისუფლების წინააღმდეგ“, - განაცხადა გადაცემაში „EURO ანატომია“ ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა ევროკომისიის გაფართოების ანგარიშთან დაკავშირებით.

კერძოდ, წამყვანმა მას ჰკითხა, „რატომ არის საქართველოს ხელისუფლებისთვის აღნიშნული ანგარიში აბსურდული. რა ქმნის ამ განწყობას?“

ლევან მახაშვილის თქმით, საქართველო სწორი საშინაო და თუ საგარეო პოლიტიკის წყალობით ვითარდება, განსხვავებით ზოგიერთ სხვა კანდიდატთან შედარებით და ეს არის მთავარი, რაც ჩვენი მოსახლეობისთვის იყო მნიშვნელოვანი.

„უპირველესად, მოკლედ ვახსენოთ ის, რასაც ვერ გააყალბებს ამ დოკუმენტში ვერავინ, მათ შორის, ვერც ბრიუსელის ბიუროკრატია. ეს არის ის, რომ საქართველოს აქვს უპრეცედენტო, ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა ყველა სხვა კანდიდატ ქვეყანასთან შედარებით, რაც კიდევ ერთი დასტურია იმის, რომ რაც გასული ერთი წლის განმავლობაში ქვეყანამ გააკეთა საშინაო თუ საგარეო პოლიტიკაში, იყო სწორი. სწორედ ამიტომ იყო ეს ანგარიში ჩვენთვის აბსურდული, რომ ფოკუსირებულია ისეთ თემებზე, რომელიც ამ საკითხზე არაფერ შუაშია. ეს ანგარიში იყო კარგი შესაძლებლობა ისევ ბრიუსელისთვის, რომ იერიში მიეტანა საქართველოზე და მოეხდინა საქართველოს ხელისუფლების დისკრედიტაცია, ვინაიდან როდესაც თავად წყვეტ დიალოგის რეჟიმს, თავად წყვეტ და აჩერებ ყველა პლატფორმას კომუნიკაციის, შემდგომ ერთი წლის თავზე არ უნდა მოდიოდე და თითს არ უნდა უქნევდე არავის, ამ ქვეყნებს, რომ რაღაც გააკეთე თუ არ გააკეთე.

საქართველო სწორი საშინაო და თუ საგარეო პოლიტიკის წყალობით ვითარდება, ზოგიერთ სხვა კანდიდატთან შედარებით და ეს არის მთავარი, რაც ჩვენი მოსახლეობისთვის იყო მნიშვნელოვანი. დანარჩენი, ეს დოკუმენტი არაფერ დამატებით ღირებულებას მოსახლეობას არ აძლევს. ეს არის კომპილაცია, თავს უყრის იმ ბრალდებებს, რასაც ბრიუსელი აჟღერებდა ხოლმე ხელისუფლების წინააღმდეგ“, - აღნიშნა ლევან მახაშვილმა.

წამყვანმა მას ასევე ჰკითხა, „რატომ არ არის ანგარიშში სათანადოდ შეფასებული და აღნიშნული ის პროგრესი, რომელსაც საქართველომ ევროინტეგრაციის გზაზე მიაღწია, რაც არაერთი თვლადი მონაცემითა და გაზომვადი კრიტერიუმებით დასტურდება?“

ლევან მახაშვილის თქმით, ეს ნამდვილად კარგი კითხვაა იმიტომ, რომ გარდა ეკონომიკური სტატისტიკისა და ძალიან თვალში საცემი ეკონომიკური ზრდისა, თავად ევროკომისია წლის განმავლობაში ავრცელებდა სხვადასხვა დასკვნას, რომელიც ეხებოდა კარგ მმართველობას, სახელმწიფო ინსტიტუტების ეფექტიანად ფუნქციონირებას, სერვისების მიწოდებას, კეთილსინდისიერებას, კორუფციასთან ბრძოლას.

„ყველა ამ მიმართულებით საქართველო იყო მოწინავე პოზიციაზე და თავად ევროკავშირის წევრ ქვეყნებსაც კი უსწრებდა. ამის ფონზე როდესაც შენ ასეთ დასკვნას დებ, მიუთითებს მხოლოდ ერთ რამეზე, რომ შენი მიზანი არ არის ობიექტურად შეაფასო ის, თუ რა ხდება ამ ქვეყანაში. შენი მიზანი არის, რომ კიდევ ერთხელ არგუმენტი მოიშველიო შემდგომი ნეგატიური გადაწყვეტილებებისთვის. ობიექტური დათვლით, ობიექტური შეფასებით, იქნება ეს სახელმწიფო ინსტიტუტები, დემოკრატიული წესწყობილება და ა.შ. ყველა მიმართულებით ქვეყანა გამართულად ფუნქციონირებს. რაც მთავარია, წინ მიიწევს ამ პროცესში.

ამიტომ იყო ჩვენი იმედგაცრუებაც ამ ანგარიშიდან. ეს იყო რეალურად შესაძლებლობა ბრიუსელისთვის, რომ მთელი გასული ერთწლიანი ეპოპეის ფონზე, რაღაცნაირად ჩვენს მიერ გაწვდილ ხელზე შემოეგებებინა, ასევე, თავად თანამშრომლობის ხელი, თუმცა როგორც ჩანს, ბრიუსელმა აირჩია უფრო მეტი კონფრონტაცია, ვიდრე დიალოგი“, - აღნიშნა ლევან მახაშვილმა.