Loading data...
ლევან მახაშვილი: ევროკომისიის ანგარიში ცალმხრივად, ბრიუსელის ფანჯრებიდან თუ ოთახებიდან, ხუთი-ექვსი ადამიანის მიერ დაწერილი დოკუმენტია, სადაც საქართველოს არანაირი ხედვა არ არის წარმოდგენილი

„ევროკომისიის ანგარიში ძალიან გაბრაზებული ადამიანის მიერ დაწერილ დოკუმენტს ჰგავს, რომელმაც ბევრი იჩხიკინა და ბევრი იწვალა, მაგრამ მაინც ვერ გააკეთა ის, რაც უნდოდა“, - ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ევროკომისიის დოკუმენტში ახალი არაფერი წერია, იმ ძველი ბრალდებების თავმოყრა და გაერთიანებაა, რაც გასულ თვეებში გვესმოდა.

„ამიტომ, ამ დოკუმენტს ჩვენთვის დამატებითი, ახალი ღირებულება არ აქვს. რაც შეეხება მეთოდოლოგიას, დოკუმენტი მომზადებულია ცალმხრივად, ერთი მხარის მიერ. არანაირი კომუნიკაცია არ იყო საქართველოსთან, სამინისტროებთან, ექსპერტებთან, ანუ ის, რაც ნორმალურ პირობებში, იგივე სხვა კანდიდატ ქვეყნებთან შემთხვევაში ხდებოდა, საქართველოსთან მიმართებით არ იყო. შესაბამისად, ანგარიში ვერ იქნება დაბალანსებული და ობიექტური. ეს არის ცალმხრივად, ბრიუსელის ფანჯრებიდან თუ ოთახებიდან, ხუთი-ექვსი ადამიანის მიერ დაწერილი ანგარიში, სადაც საქართველოს არანაირი ხედვა არ არის წარმოდგენილი. რაც შეეხება შინაარსს, რა თქმა უნდა, აქ ბევრი აბსურდული განცხადებაა.

კარგ მაგალითად რად ღირს - „თვითნებურად დაკავებული ადამიანების“ მოხსენიება. საზოგადოებამ კარგად დაინახა, რომ ასეთი ტიპის ადამიანებს, ასეთი დანაშაულის ჩამდენ ადამიანებს, ევროპაში მკვლელობის ბრალდებით ასამართლებენ, საქართველოში კი, „თვითნებურად დაკავებულ პირებს“ უწოდებენ და საქართველოს ხელისუფლებას მათ გათავისუფლებას სთხოვენ“, - აღნიშნა ლევან მახაშვილმა.

კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, მკაფიოა ორმაგი სტანდარტი.

„ჩვენ მზად ვართ, დიალოგის რეჟიმში თუნდაც იმ ფორმატებს დავუბრუნდეთ, რაც მნიშვნელოვანია, რომ ასეთი ტიპის ანგარიშები იყოს ობიექტური, დაბალანსებული და ექსპერტების დონეზე მომზადებული. რაც მთავარია, პოლიტიკურ დონეზე, დიალოგი აღვადგინოთ.

თუ ბრიუსელს რაიმე კითხვა აქვს კონკრეტულ კანონებსა და სახელმწიფოს მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე, ყველაფერზე გავცემთ ამომწურავ პასუხს დეტალურად, სიღრმისეულად და არა, ასე ზერელედ და გუგლის გამოყენებით“, - დასძინა ლევან მახაშვილმა.