ლევან მახაშვილი: ევროკომისიამ საგულისხმო კვლევა გამოაქვეყნა, გეოგრაფიას ვერავინ უგულვებელყოფს, აუცილებელია საქართველოსთან დიალოგი ორმხრივად მნიშვნელოვან საკითხებზე
როდესაც საქმე ეხება ევროკავშირის ურთიერთობებს ცენტრალურ აზიასთან, შუა კორიდორს, სავაჭრო დერეფნის განვითარებას, დასავლეთისა და აღმოსავლეთის დაკავშირებას, საქართველოს ამ შემთხვევაში აქვს სტრატეგიულად უმნიშვნელოვანესი საკვანძო როლი და ადგილი, – ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებული კვლევა ადასტურებს, რომ აუცილებელია საქართველოსთან დიალოგი ორმხრივად მნიშვნელოვან საკითხებზე.
„ძალიან საინტერესო და საგულისხმო კვლევა გამოქვეყნდა თავად ევროკავშირის მიერ, ევროკომისიის გაფართოებისა და აღმოსავლეთ სამეზობლოს გენერალური დირექტორის მიერ, რაც არის, ალბათ, საუკეთესო პასუხი მათსავე ხელმძღვანელებზე, ვგულისხმობ მარტა კოსს, კაია კალასს და სხვებს, რომლებიც საქართველოს უსამართლოდ აკრიტიკებენ ხოლმე. მათ შეიძლება, პოლიტიკურ განცხადებებში უგულებელყონ საქართველო, მაგრამ გეოგრაფიას ვერავინ უგულებელყოფს. როცა საქმე ეხება ევროკავშირი ურთიერთობებს ცენტრალურ აზიასთან, შუა კორიდორს, სავაჭრო დერეფნის განვითარებას, დასავლეთისა და აღმოსავლეთის დაკავშირებას, საქართველოს ამ შემთხვევაში აქვს სტრატეგიულად უმნიშვნელოვანესი საკვანძო როლი და ადგილი ამ პროცესში, განსაკუთრებით ენერგეტიკულ, ციფრულ და სატრანსპორტო-ლოგისტიკურ სექტორებში. ამიტომ ეს კვლევა, ალბათ, არის საინტერესო შეთავაზება, წახალისება ევროკავშირის, რომ აუცილებელია საქართველოსთან დიალოგი ორმხრივად მნიშვნელოვან საკითხებზე. საქართველოს ხელისუფლება აკეთებს ყველაფერს ამ სავაჭრო დერეფნის განვითარებისთვის, იქმნება უამრავი ინფრასტრუქტურა, ჰარმონიზდება რეგულაციები, რომ მარტივი იყოს ბიზნესებისთვის დასავლეთიდან აღმოსავლეთში გადაადგილება და პირიქით, იქნება ეს რკინიგზა, პორტები და ა.შ. ერთადერთი, რაც ამას აკლია, არის ევროკავშირის მხრიდან ნორმალური, სტრატეგიულად სწორი გადაწყვეტილებების მიღება. ვგულისხმობ საქართველოსთან დიალოგში ჩართვას. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ეს კვლევაც არის ერთ-ერთი კარგი პირველი ნაბიჯი ამ კონსტრუქციული ურთიერთობისკენ“, – განაცხადა მახაშვილმა.
ცნობისთვის, ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებულ კვლევაში ნათქვამია: „საქართველო უალტერნატივო სტრატეგიული დერეფანია, რომლის მოდერნიზება და ევროპულ სტანდარტებთან თავსებადობა ევროპის ეკონომიკურ უსაფრთხოებასა და სტაბილურობაზე პირდაპირ აისახება“.