Loading data...
ლევან მახაშვილი: ეს არის გერმანიის წარმავალი ხელისუფლების კიდევ ერთი მაშველი რგოლი იმ მილევად პროტესტს და გაუჩინარებულ ოპოზიციას, რაც ჩვენ გვაქვს

„ეს არის გერმანიის წარმავალი ხელისუფლების კიდევ ერთი მაშველი რგოლი იმ მილევად პროტესტს და გაუჩინარებულ ოპოზიციას, რაც ჩვენ გვაქვს“, - ასე გამოეხმაურა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი გერმანიის საგარეო უწყების განცხადებას, სადაც აღნიშნულია, რომ გერმანიამ დამატებითი აკრძალვები შემოიღო იმ ქართველი ოფიციალური პირების ქვეყანაში შესვლაზე, რომლებიც პასუხისმგებლები არიან დარბევებზე.

მახაშვილის შეფასებით, ეს არის თვითლუსტრაცია იმ ძალების, რომლებიც, როგორც ჩანს, იდგნენ და დგანან ქუჩის ძალადობის უკან. 

„კონკრეტულად ვის დაუწესდა, ჩვენ არ გვაქვს ეს ინფორმაცია. ალბათ, უახლოეს მომავალში რომელიმე ესტონური, ან ლიეტუვური არასამთავრობო ორგანიზაციისგან გავიგებთ ამ სიას. მაგრამ, საერთო ჯამში, ეს არის გერმანიის წარმავალი ხელისუფლების კიდევ ერთი მაშველი რგოლი იმ მილევად პროტესტს და გაუჩინარებულ ოპოზიციას, რაც ჩვენ გვაქვს. რეალურად, ეს არის თვითლუსტრაცია იმ ძალების, რომლებიც, როგორც ჩანს, იდგნენ, დგანან ქუჩის ძალადობის უკან. მაშინ, როდესაც ქუჩის გადაკეტვისთვის საკმარისი ხალხი აღარ ჰყავთ, აი, ასეთი მაშველი რგოლებით ცდილობენ ამ მილეული პროტესტის ხელახლა აგორებას. 

მთავარი მოტივაცია არ არის, რომ რამე მემკვიდრეობა დაუტოვონ, მთავარი მოტივაცია არის, რომ სანამ ამის რესურსი აქვთ, სანამ ამის ბერკეტი აქვთ, მაქსიმალურად დააზიანონ ეს ურთიერთობები და ხელისუფლება, რომ სანამ არის ამის შესაძლებლობა, სცადონ და ეს პროტესტი გარდაქმნან ხელისუფლების ცვლილებაში. თუმცა არც აქამდე გამოსვლიათ და არც ამის მერე გამოუვათ“, - განაცხადა ლევან მახაშვილმა.