ლევან მახაშვილი - ერის ამოსავალი წერტილი უნდა იყოს ისეთი ნაბიჯების გადადგმა, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობას პატივს სცემს და განამტკიცებს
„35 წლის წინ ჩატარებული რეფერენდუმი სახელმწიფოებრიობის აღდგენის ფუნდამენტი იყო, დღემდე ეს ის სამართლებრივი საფუძველია, რითაც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ვიბრძვით, 31 მარტი საქართველოს ისტორიაში უმნიშვნელოვანესი დღე იყო“, – ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
მისი თქმით, მთელი ქვეყნის მასშტაბით, მოსახლეობამ ამ უნიკალურ დღეს ნება გამოხატა სახელმწიფოებრიობის აღიარების თაობაზე.
„35 წლის შემდეგ, საქართველოსთვის მთავარი გამოწვევა ტერიტორიული მთლიანობაა. ის ნება, რომელიც 35 წლის წინ გამოიხატა, პატივცემული არ არის რუსეთისა და ზოგიერთი სახელმწიფოს მხრიდან. მთელი ერის ამოსავალი წერტილი უნდა იყოს ისეთი ნაბიჯების გადადგმა, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობას პატივს სცემს და განამტკიცებს“, – განაცხადა მახაშვილმა.