Loading data...
ლევან მახაშვილი - ბრიუსელმა საბოლოოდ ჩამოიხსნა დემოკრატიულობის ნიღაბი, გამოჩნდა, რომ მათი მთავარი მიზანია არა მედიის დაცვა, არამედ შეზღუდვა და არასასურველი ხმების ჩახშობა

„ბრიუსელმა დემოკრატიულობის ნიღაბი ჩამოიხსნა და გამოჩნდა, რომ მათი მთავარი მიზანი არის არა მედიის დაცვა, არამედ მედიის შეზღუდვა და არასასურველი ხმების ჩახშობა“, – ამის შესახებ ევროინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა განაცხადა.

მახაშვილს კითხვა დაუსვეს ევროპარლამენტის გადაწყვეტილებაზე ტელეკომპანია „იმედისთვის“, „რუსთავი 2“-ისა და „პოსტივისთვის“ ერთი წლით აკრედიტაციის შეჩერების თაობაზე.

„ძალიან საინტერესო ფაქტი მოხდა, ბრიუსელმა საბოლოოდ ჩამოიხსნა თავისი დემოკრატიულობის ნიღაბი. რეალურად, გამოჩნდა, რომ ფარსი ყოფილა მოწოდებები და რეზოლუციებში ჩანაწერები დემოკრატიის, მედიაპლურალიზმისა და მედიათავისუფლების დაცვაზე. აღმოჩნდა, რომ საუკეთესო ევროპული სტანდარტი არის არა მედიათავისუფლება და მედიისთვის მაქსიმალური შესაძლებლობის მიცემა, არამედ პირიქით, მედიის შეზღუდვა, არასასურველი ხმების გაჩუმება და გარიყვა.

ეს გადაწყვეტილება მიუთითებს ორმაგ სტანდარტზე, რომელიც ბრიუსელს ჰქონდა და აქვს საქართველოსთან დაკავშირებით, რომ საქართველოში არანაირი მედიაწესი არ უნდა არსებობდეს, და ესა თუ ის მედია ზღვარგადასულ დეზინფორმაციას ავრცელებდეს. მათ არ უნდა გაეკარო და ამ პროცესში არც კი უნდა ამხილო, სანაცვლოდ, როდესაც ელემენტარულ ინტერვიუს მოთხოვნასა და ჩაწერაზეა საუბარი, თურმე ამის გამო მედიას ერთი წლით უნდა შეუზღუდო აკრედიტაცია. ამ კონკრეტული გადაწყვეტილებით, ბრიუსელმა თავისი დემოკრატიულობის ნიღაბი ჩამოიხსნა და გამოჩნდა, რომ მათი მთავარი მიზანი არის არა მედიის დაცვა, არამედ მედიის შეზღუდვა და არასასურველი ხმების ჩახშობა“, – განაცხადა ლევან მახაშვილმა.