Loading data...
ლევან მახაშვილი: ბრიუსელისგან ველით უფრო მეტს, ვიდრე ამ იაფფასიან ტრიუკს, რომ პასუხების თავიდან არიდების გამო, ყველას რუსული იარლიყები მიაწებონ

„ბრიუსელისგან ველით უფრო მეტს, ვიდრე ამ იაფფასიან ტრიუკს, რომ პასუხების თავიდან არიდების გამო, ყველას რუსული იარლიყები მიაწებონ“, - ასე ეხმაურება ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი ევროკავშირის პრესსპიკერის განცხადებას, რომლის თანახმადაც, ევროკავშირი გმობს საქართველოს ხელისუფლების მიერ ევროკავშირის როლის შესახებ დეზინფორმაციის გავრცელებას და ელჩის მიმართ უსაფუძვლო ბრალდებებს, რაც რუსული სტილის შეთქმულების თეორიებია.

მახაშვილის შეფასებით, კონკრეტული ელჩები პირდაპირ არიან ჩაბმულნი საქართველოს შიდა პოლიტიკურ პროცესებში და პასუხი უნდა გაეცეს, რატომ ხდება ეს.  

„ევროკავშირისგან ჩვენ უფრო მეტს ველით, ბრიუსელისგან ველით უფრო მეტს, ვიდრე ამ იაფფასიან ტრიუკს, რომ პასუხების თავიდან არიდების გამო, რუსული იარლიყები მიაწებონ ყველას. ჩვენ არცერთი კონკრეტული სახელი-გვარისადმი არანაირი განსაკუთრებული ინტერესი არ გვაქვს, საუბარი მაქვს ელჩებზე. ერთადერთი, რაც ჩვენ გვაწუხებს, არის ის, რომ ზოგიერთი ელჩი მიიჩნევს, რომ იგი უნდა იყოს პოლიტიკურ დისკუსიებში ყოველდღიურად ჩართული და გააკეთოს პოლიტიკური შეფასებები. სწორედ ამაზე ვამბობთ, რომ კონკრეტული მტკიცებულებებით, როდესაც ელჩები მონაწილეობენ წინასაარჩევნო კამპანიაში, ამას სჭირდება პასუხები, რატომ ხდება ეს. იმიტომ, რომ ირღვევა აბსოლუტურად ყველაფერი, აღარაფერს ვსაუბრობთ დიპლომატიურ ეტიკეტზე და ვენის კონვენციაზე. პირდაპირ არიან კონკრეტული ელჩები ჩაბმულნი შიდა პოლიტიკურ პროცესებში“, - აღნიშნა ლევან მახაშვილმა.