Loading data...
ლევან მახაშვილი: ბელგიის პარლამენტის ორივე პალატის თავმჯდომარესთან ძალიან საქმიანი, მომავალსა და დიალოგზე ორიენტირებული შეხვედრა გვქონდა, ორივე მხარე თანხმდება, რომ აუცილებელია, ერთმანეთს მოვუსმინოთ

ბელგიის პარლამენტის ორივე პალატის თავმჯდომარესთან ძალიან საქმიანი, მომავალსა და დიალოგზე ორიენტირებული შეხვედრა გვქონდა, ორივე მხარე თანხმდება, რომ აუცილებელია, ცვალებად სამყაროში ერთმანეთს მოვუსმინოთ, ვესაუბროთ და ერთმანეთის პოზიციები მაქსიმალურად გავითვალისწინოთ, – ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, მსგავსი სახის შეხვედრები მისასალმებელია.

„ეს დასაწყისია იმ გზის, რასაც ჰქვია ევროკავშირთან სრულფასოვანი ურთიერთობის აღდგენა. შეიძლება, ევროკავშირის წარმომადგენლებთან გარკვეული უთანხმოება გვქონდეს, თუმცა ორმხრივი ურთიერთობები გვქონდა, გვაქვს და მომავალშიც გვექნება. ამიტომ მომავალთან დაკავშირებით იმედიანად ვართ განწყობილი. აქამდე სრული ყრუ კედელი იყო ამ ქვეყნების მხრიდან ხოლმე, როგორც წესი, ისინი თითს ბრიუსელისკენ იშვერდნენ ხოლმე, მაგრამ სხვადასხვა დონეზე ვხედავთ, რომ დედაქალაქებში მზაობაა მოსმენის, საუბრის, პოზიციების გათვალისწინების, რაც მთავარია, არა იმაზე, თუ რა უთანხმოებები გვაქვს, არამედ, პირიქით, ამ უთანხმოებების შემცირების და მაქსიმალურად დიალოგზე ორიენტირების“, – განაცხადა მახაშვილმა.