ლევან მახაშვილი: აღმაშფოთებელია, რომ ევროკავშირში გაწევრიანება ტერიტორიულ მთლიანობასთან დააკავშირეს, პოზიცია მკაფიოა, საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობაზე არანაირი გზა არ გადის
„აღმაშფოთებელია, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება, პირდაპირ თუ ირიბად, საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასთან დააკავშირეს“, – ამის შესახებ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა განაცხადა.
მახაშვილმა კომენტარი გააკეთა „ახლის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა გვარამიას განცხადებაზე, რომ „აფხაზებს არ უყვართ ქართველები და გულწრფელები ვიყოთ, არც ჩვენ გვიყვარს აფხაზები, ჩვენ ამ წუთში ვართ მტრები და მტრობა ვერ შეიცვლება სიყვარულით, ეს არსად მომხდარა“.
როგორც მახაშვილმა აღნიშნა, წარმოებს ორგანიზებული კამპანია, რომელიც არის კავკასიაში ახალი დაპირისპირების კერების გაჩენის და მოუშუშებელი იარების კვლავ ხელოვნურად გაღრმავების მცდელობა.
„როგორც ჩანს, ქვეყნის შიგნით თუ გარეთ ზოგიერთებს არ სიამოვნებთ კავკასიაში, რეგიონში მშვიდობა და სუსტ წერტილებს ეძებენ, რაც შეიძლება, ახალი კერების გაჩენისთვის გამოიყენონ. აღმაშფოთებელია, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება პირდაპირ თუ ირიბად საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასთან დააკავშირეს. არა მხოლოდ დააკავშირეს, არამედ გზავნილები კეთდება, თურმე საქართველომ თვალი უნდა დახუჭოს და მეხსიერებას ჩააბაროს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონი და ასე შეიძლება, ევროკავშირის წევრობის შანსი იყოს. პოზიცია მკაფიოა – საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობაზე არანაირი გზა არ გადის. საქართველოსთვის ევროკავშირი იმიტომ არის წარმოდგენილი დანიშნულების კარგ ადგილად, რომ ეს გვესახება ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის და შენარჩუნების შესაძლებლობად და არა – პირიქით. ამიტომ, არც ერთი მიმართულებით საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა მის დარღვევაზე არ გადის“, – განაცხადა მახაშვილმა.