Loading data...
ლევან მაჭავარიანი: ვთვლით, რომ სარჩელი მტკიცებულებებითა და ფაქტებით არის ძალიან მყარი, გვაქვს მოლოდინი, რომ გადაწყვეტილება იქნება როგორც სახელმწიფოებრივი, ისე ობიექტური

საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესები საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა „დღის ქრონიკაში“ შეაფასა.

მისი თქმით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ პროცესი სარჩელის დადასტურებით დაიწყო.

„გამოვეხმაურები ანა წითლიძის განცხადებებს. ის ყველაფერზე საუბრობდა, გარდა სარჩელის შინაარსისა. ის ადასტურებს იმ ყველაფერს, რაც ამ სარჩელით გვსურს, რომ იყოს დაკმაყოფილებული. ჩვენი სურვილია, სარჩელი ყველა მიმართულებით დაკმაყოფილდეს, თუმცა უნდა დაველოდოთ სასამართლოს გადაწყვეტილებას.

ასევე სხვა აქტორების მხრიდანაც მოვისმინეთ განცხადებები, იგივე ქალბატონი დეკანოიძე, რომელიც თავიდან ბოლომდე აცდენილი იყო სარჩელის შინაარსს და პირდაპირ პოლიტიკური განცხადებებით გამოდიოდა აცდენილ თემებზე.

კარგია ის, რომ ეს ყველაფერი პირდაპირ ეთერში გადაიცემა, რადგან სასამართლო პროცესის გარშემო საზოგადოების მაღალი ინტერესია.

ჩვენი საზოგადოება კიდევ ერთხელ დარწმუნდება იმაში, რომ ამ პარტიათა ჯგუფი არის მთლიანად აგენტურული ოპოზიცია და კიდევ ერთხელ გავიმეორებთ, თუ ხელისუფლებაში ყოფნის დროს რა კრიმინალს ჩადიოდნენ.

ჩვენ ვთვლით, რომ ეს სარჩელი მტკიცებულებებითა და ფაქტებით არის ძალიან მყარი. გვაქვს მოლოდინი, რომ გადაწყვეტილება იქნება როგორც სახელმწიფოებრივი, ისე ობიექტური“, - აღნიშნა ლევან მაჭავარიანმა.

ხუთი პოლიტიკური პარტიისა და გაერთიანების აკრძალვის შესახებ სარჩელთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომა მიმდინარეობს.