Loading data...
ლევან მაჭავარიანი: ვხედავთ, რომ მავნებელი სააკაშვილი არ ისვენებს და კვლავ რაღაც დეზინფორმაციას ავრცელებს პატრიარქთან დაკავშირებით

ვხედავთ, რომ მავნებელი სააკაშვილი არ ისვენებს და კვლავ რაღაც დეზინფორმაციას ავრცელებს პატრიარქთან დაკავშირებით, - განაცხადა საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილე ლევან მაჭავარიანმა, რომელმაც შეაფასა მიხეილ სააკაშვილი მიერ კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის შესახებ გამოქვეყნებული ფეისბუქპოსტი.

მაჭავარიანის თქმით, სააკაშვილის ამბები წლებია, აღარავის აინტერესებს და ამ საქციელით, თუ მას კიდევ მომხრეები და მიმდევრები ჰყავდა დარჩენილი, მათაც დაკარგავს.

„რადიკალები ვისაც ემსახურებიან, მათი იდეოლოგია არის ულტრამემარცხენე, ფაშისტური იდეოლოგია, რომელიც ითვალისწინებს, რომ ადამიანს რწმენასთან, სამშობლოსთან და ოჯახთან კავშირი უნდა დააკარგვინონ. შესაბამისად, ეს არის მათი დღის წესრიგი, თუმცა ამ ძალებმა დაინახეს, რომ მიუხედავად მრავალი ასეული მილიონისა, რომელიც დახარჯეს საქართველოში, არაფერი გამოუვიდათ. ჩვენს სარწმუნოებასთან და პატრიარქთან მიმართებით არის აბსოლუტური ერთსულოვნება საქართველოში“, - აღნიშნა ლევან მაჭავარიანმა.

ცნობისთვის, სოციალურ ქსელში სააკაშვილი თავის აუდიტორიას კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორეს რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრას ახსენებს და გარდაცვლილი პატრიარქის სიტყვებს ციტირებს. წერს, რომ პატრიარქის სიტყვებს ისტორია მკაცრად შეაფასებს.

„2014 წელს ის ჩავიდა მოსკოვში, შეხვდა პუტინს და უთხრა შემდეგი ფრაზა - „ერთ პიროვნებას არ უნდა გადავაყოლოთ ორ ხალხს შორის ურთიერთობა“. ამ ერთ პიროვნებაში, რა თქმა უნდა, მე ვიგულისხმებოდი და ის, რომ სწორედ ჩემ გამო ვერ შეძლო პუტინმა 2008-ში საქართველოს დაპყრობა. ეს განცხადება ყველამ თვითონ შეაფასეთ (ისტორიის შეფასება იქნება მკაცრი)“, - წერს სააკაშვილი.