ლევან მაჭავარიანი: უცხოეთიდან როგორი გადალაგებაც არ უნდა დაავალონ, გახარიას ნულოვანი ფასი აქვს

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილის ლევან მაჭავარიანის განცხადებით, „ქართული ოცნება“ არჩევნებზე გიორგი გახარიას კონკურენტად ვერ განიხილავს, რადგან მას ნულოვანი ფასი აქვს.
ლევან მაჭავარიანის თქმით, ოპოზიციამ არჩევნების გაყალბების ვერანაირი მტკიცებულება ვერ წარმოადგინა.
ამასთან, მაჭავარიანის შეფასებით, მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ხვდება, რომ ქვეყნის სუვერენიტეტზე მხოლოდ „ქართული ოცნება“ ზრუნავს.
„საპარლამენტო არჩევნებზე 54 პროცენტი ავიღეთ, რადგან მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ხვდება, რომ ვინც ამ ქვეყნის დამოუკიდებლობასა და სუვერენიტეტზე ზრუნავს, ეს მხოლოდ „ქართული ოცნებაა“. აქედან გამომდინარე, გიორგი გახარიას ნულოვანი ფასი აქვს, უცხოეთიდან როგორი გადალაგებაც არ უნდა დაავალონ. მათი რეიტინგი დრამატულად შემცირებულია, იქიდან გამომდინარე, რომ პარლამენტში მუშაობაზე უარს ამბობენ, არჩევნები გაყალბდაო თქვეს და ვერანაირი მტკიცებულება ვერ წარადგინეს.
დესტრუქციაზეც ღიად საუბრობენ და ამბობენ, რომ მათ მიზანს ხელისუფლების რევოლუციური გზით ჩანაცვლება წარმოადგენს. თუ ეს ვერ მოხდებოდა, შემდეგ ქვეყანაში მეორე ფაზა უნდა ყოფილიყო. ამ ყველაფრის ფონზე იციან, რომ მათი რეიტინგი განახევრებულია. მათ არჩევნებში მონაწილეობა არ აწყობთ, თუმცა უცხოეთიდან რა დავალებასაც მიიღებენ, ისე იმოქმედებენ“, - განუცხადა პირველ არხს მაჭავარიანმა.