Loading data...
ლევან მაჭავარიანი: თუ ჰგონიათ, რომ ამით დაგვაშანტაჟებენ, რომ უვიზო მიმოსვლა არ გვექნება დიპლომატიური პასპორტის მქონე ადამიანებს - ძალიან შემცდარან

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან მაჭავარიანი ევროკავშირის მიერ ქართული დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერების მხარდაჭერას ეხმაურება. 

მაჭავარიანის განცხადებით, ეს არის მორიგი აბსურდი ევრობიუროკრატების მხრიდან და „ქართულ ოცნებას“ საქმით აქვს დამტკიცებული, რომ ისინი შანტაჟს არ ექვემდებარებიან.

„ეს არის მორიგი აბსურდი, რაც შემოგვთავაზეს ევრობიუროკრატებმა. თუ ისინი ფიქრობენ, რომ ჩვენ დაგვაშანტაჟებენ იმით, რომ უვიზოდ ვერ ვივლით ევროპაში დიპლომატიური პასპორტებით, ძალიან ცდებიან.

ჩვენ საქმით გვაქვს დამტკიცებული, რომ შანტაჟს არ ვექვემდებარებით და ასეთი შანტაჟი და დისკომფორტი კი არა, გაცილებით დიდი დისკომფორტი რომ შეგვიქმნან, მაინც არ დავიხევთ უკან და მაინც დავიცავთ ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს.

შესაბამისად, ეს არის მათი მხრიდან ჩადენილი სისულელე, რომელიც აბსოლუტურად არანაირ გავლენას არ იქონიებს ჩვენ გადაწყვეტილებებზე და ნაბიჯებზე“, - აღნიშნა მაჭავარიანმა.