Loading data...
ლევან მაჭავარიანი: წინ ვერაფერი უნდა აღუდგეს ამერიკასთან ურთიერთობების გადატვირთვას - შეთანხმება არის, რომ უნდა გამოაგზავნონ თავიანთი დელეგაცია და კიდევ უფრო მეტ სიღრმეებში განვიხილოთ ჩვენი ურთიერთობების პოტენციალი

„შეთანხმება არის, რომ უნდა გამოაგზავნონ თავიანთი დელეგაცია და კიდევ უფრო მეტ სიღრმეებში განვიხილოთ ჩვენი ურთიერთობების პოტენციალი“, - განაცხადა საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა ამერიკასთან ურთიერთობებზე საუბრისას.

მისივე თქმით, ქართული მხარე მზადაა, ნებისმიერ დროს დასხდეს ამერიკულ მხარესთან ერთად და დროსა და სივრცეში გაწერონ ურთიერთობების კონკრეტული გზამკვლევი.

„ჩვენ არავის ვლანძღავდით. ჩვენ ვიყავით თავდაცვის რეჟიმში და ვისთანაც პრეტენზიები ჰქონდათ თავდაცვით რეჟიმში, იმ ადმინისტრაციას დღევანდელი ადმინისტრაცია პირდაპირ მტრად აცხადებს. შესაბამისად აქაც თანხვედრაა. ბატონ ტრამპს ვგულშემატკივრობდით ღიად და გახსნილად, აბსოლუტური თანხვედრა ღირებულებებით, მსოფლმხედველობით ნაწილში, პოლიტიკურ შეხედულებებში, შეფასებაში, უკრაინის ომთან, ევრობიუროკრატებთან მიმართებით, USAID-თან, NED-თან მიმართებით - სრული თანხვედრა! შესაბამისად, წინ ვერაფერი უნდა აღუდგეს ამ ურთიერთობების გადატვირთვას.

ძალიან პოზიტიური სიგნალები იყო, როდესაც ბატონი მამუკა მდინარაძე თავისი კოლეგის მიწვევით იყო ვაშინგტონში; ბატონი ნიკოლოზ სამხარაძე იყო - უმაღლესი დონის შეხვედრები ჩაატარა ასევე ვაშინგტონში, ესეც ყველამ ვიხილეთ; ბატონი რუბიოს ზარი ჩვენს პრემიერ-მინისტრთან და ახლა შეთანხმება არის, რომ უნდა გამოაგზავნონ თავიანთი დელეგაცია და კიდევ უფრო მეტ სიღრმეებში განვიხილოთ ჩვენი ურთიერთობების პოტენციალი.

ამერიკის მხარემ ისიც იცის, პრემიერ-მინისტრის დონიდან დაწყებული რიგითი დეპუტატის დონეზე დამთავრებული, რომ გვაქვს ასჯერ გაცხადებული, რომ ნებისმიერ დროს დავსხდებით და დროსა და სივრცეში გავწერთ კონკრეტულ გზამკვლევს, სადაც იქნება ასახული, თუ რა ნაბიჯები უნდა გადავდგათ ჩვენ, რა ნაბიჯები უნდა გადადგას ამერიკის მხარემ, ოღონდ ეს ყველაფერი უნდა იყოს დაფუძნებული საერთო ინტერესების გათვალისწინებაზე. შესაბამისად, რა თქმა უნდა, ჩვენ მოლოდინის რეჟიმში ვართ. იქიდან გამომდინარე, რომ ასე, ნაბიჯ-ნაბიჯ ყველაფერი პოზიტიურად დაიძრა, ეს ყველაფერი ჩვენ ოპტიმიზმის საშუალებას გვაძლევს“, - განაცხადა მაჭავარიანმა.