ლევან მაჭავარიანი: სუს-ის მიერ გამოძიების დაწყება არის აბსოლუტურად ადეკვატური და რელევანტური - ადამიანი იქნება, თუ ჯგუფი, აუცილებლად გამოსავლენია, ვინაიდან ეს არის ჩვეულებრივი საბოტაჟი ქვეყნის წინააღმდეგ
ყველაფერი შესასწავლია და თუ ვინმეს ხელი ურევია, ადამიანი იქნება, თუ ჯგუფი, აუცილებლად გამოსავლენია, ვინაიდან ეს არის ჩვეულებრივი საბოტაჟი ქვეყნის წინააღმდეგ, - განაცხადა პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა „დღის ქრონიკაში“ სუს-ის მიერ საბოტაჟის მუხლით დაწყებულ გამოძიებაზე საუბრისას, რომელიც 24 და 25 ივლისს ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის მიწოდების ავარიულად გათიშვას ეხება.
„ვერსიებზე საუბარი ძალიან რთულია და ჩემი მხრიდან სწორი არც იქნებოდა. თუმცა, რა თქმა უნდა, სუს-ის გამოძიების დაწყება არის აბსოლუტურად ადეკვატური და რელევანტური, იქიდან გამომდინარე, რომ ასეთი მასშტაბური ხასიათის გამორთვა, ავარია - ეს ყველაფერი შესასწავლია და თუ აქ ვინმეს ხელი ურევია, ადამიანი იქნება, თუ ჯგუფი, აუცილებლად გამოსავლენია, ვინაიდან ეს არის ჩვეულებრივი საბოტაჟი ქვეყნის წინააღმდეგ“, - აღნიშნა მაჭავარიანმა.
ცნობისთვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 24 და 25 ივლისს ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის მიწოდების ავარიულად გათიშვის გამო გამოძიება საბოტაჟის მუხლით დაიწყო.