ლევან მაჭავარიანი სუროგაციის აკრძალვასთან დაკავშირებით ოპოზიციის კრიტიკაზე: მნიშვნელობა არ აქვს, ჩვენ რა გადაწყვეტილებას მივიღებთ, მათი ერთადერთი ფუნქცია თავიანთი გადმოსახედიდან არის, რომ აბსოლუტურად ყველაფერს დაუპირისპირდნენ და აკრიტიკონ - საზოგადოება დარწმუნდა იმაში, რომ ოპოზიცია რასაც აკრიტიკებს, ნიშნავს, რომ ჩვენ სწორ გზაზე ვდგავართ და სწორ გადაწყვეტილებებს ვიღებთ
ოპოზიციის შემთხვევაში, მნიშვნელობა არ აქვს, ჩვენ რა გადაწყვეტილებას მივიღებთ და რომელი მიმართულებით იქნება ეს გადაწყვეტილება მიღებული. მათი ერთადერთი ფუნქცია თავიანთი გადმოსახედიდან არის, რომ აბსოლუტურად ყველაფერს დაუპირისპირდნენ და აკრიტიკონ. ჩვენი საზოგადოება დარწმუნდა იმაში, რომ ოპოზიცია რასაც აკრიტიკებს, ნიშნავს, რომ ჩვენ სწორ გზაზე ვდგავართ და სწორ გადაწყვეტილებებს ვიღებთ, - ასე ეხმაურება ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ლევან მაჭავარიანი სუროგაციის აკრძალვის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით ოპოზიციის კრიტიკას.
მისი თქმით, არსებობდა დიდი რისკი, რომელიც ამ საკითხს უკავშირდებოდა და გადაწყვეტილებაც „ქართულმა ოცნებამ“ ამ რისკების გათვალისწინების საფუძველზე მიიღო.
„ჩვენ დავინახეთ სერიოზული რისკები. რისკები, რომლებიც არის, ერთი მხრივ, ეთიკური რისკები, მეორე მხრივ, ეს რისკები დაკავშირებულია ტრეფიკინგთან. რისკები, რომლებიც დაკავშირებულია ქალთა ექსპლუატაციასთან, რომლებიც დაკავშირებულია ბავშვთა უფლებების დარღვევასთან. ძალიან ბევრი და მაღალი რისკები არსებობს ამ საკითხის გარშემო. ეს არის მიმართულება, რომელიც აკრძალულია ფაქტობრივად ყველა განვითარებულ ქვეყანაში. ძირითადად დარჩენილი იყო მომსახურების მიღება პოსტსაბჭოთა ქვეყნებში. გვქონდა კონსულტაციები საპატრიარქოსთან ამ თემასთან დაკავშირებით და საბოლოო ჯამში გუნდმა მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ეს მიმართულება აიკრძალოს საქართველოში“, - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.
ცნობისთვის, „ქართულმა ოცნებამ“ საქართველოში სუროგაციის აკრძალვის გადაწყვეტილება მიიღო.