Loading data...
ლევან მაჭავარიანი: შუა დერეფნის მნიშვნელობიდან გამომდინარე, მათ უკვე მოუწევთ იმასთან შეგუება, რომ ჩვენ ვერ ჩაგვანაცვლებენ ვერც რევოლუციის გზით, ვერც არჩევნების გზით და მოუწევთ ჩვენთან დასხდომა და საუბარი, იქიდან გამომდინარე, რომ დღეს უკვე ევროკავშირს საქართველო მეტად სჭირდება, ვიდრე საქართველოს - ევროკავშირი

„შუა დერეფნის მნიშვნელობიდან გამომდინარე, მათ უკვე მოუწევთ იმასთან შეგუება, რომ ჩვენ ვერ ჩაგვანაცვლებენ ვერც რევოლუციის გზით, ვერც არჩევნების გზით და მოუწევთ ჩვენთან დასხდომა და საუბარი, იქიდან გამომდინარე, რომ დღეს უკვე ევროკავშირს საქართველო მეტად სჭირდება, ვიდრე საქართველოს - ევროკავშირი“, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა.

მისი თქმით, ბრიუსელს მოუწევს იმასთან შეგუება, რომ საქართველოში მისი აგენტურა ვერ გაატარებს გარე ძალის ინტერესებს.

„როდესაც ვსაუბრობთ მათ [ოპოზიციის] პატრონებზე, მითუმეტეს - ბრიუსელზე და ბრიუსელის მმართველ ელიტაზე, ჩვენ იმდენი უსამართლობა ვიხილეთ, ისეთი არათანმიმდევრული ნაბიჯები მათი მხრიდან ბოლო 4-5 წლის განმავლობაში, ისეთი დეზინფორმაციის ნიაღვარი და მიკერძოებულობის ხარისხი, რომ იმის იქით ძალიან რთულია რაიმე წარმოიდგინო. თავადვე მოახდინეს საკუთარი თავის ლუსტრაცია. ის, რომ ისინი მფარველობენ აგენტურას საქართველოში და ყველაფერი მარტივი გასაშიფრია, დღეს საზოგადოების აბსოლუტურმა უმეტესობამ იცის, რაში იყო საქმე. ჩვენ უარი განვაცხადეთ პროქსიომისთვის საქართველოს გამოყენებაზე და მაგისთვის სურდათ მათ პატრონებს, რომ ჩაენაცვლებინათ „ქართული ოცნება“. ერთი მხრივ, არჩევნების გზით, როდესაც ამის საშუალება თითქოსდა ჰქონდათ და მაგიტომ ჩაუტარეს მთლიანად საარჩევნო კამპანია, მაგიტომ აგზავნეს ევროპარლამენტარები საქართველოში.

და, მეორე მხრივ, როდესაც არჩევნებით ეს ვერ ხერხდებოდა, 5 თუ 6 რევოლუციის მცდელობა იყო ბოლო წლების განმავლობაში - ზუსტად იმ პერიოდში, როცა დაიწყო რუსეთის აგრესია უკრაინაში - და ვერც რევოლუციის გზით ვერ ჩაგვანაცვლეს. ამის გარანტია არის ქართველი ხალხი.

შუა დერეფნის მნიშვნელობა არის მართლაც გაასმაგებული. ჩრდილოეთი დერეფანი დაკეტილია რუსეთ-უკრაინის ომის გამო, სამხრეთ დერეფანში მუდმივი პრობლემებია. რა თქმა უნდა, აქაც სჭირდებათ აგენტურა, ვინაიდან აქაც ურჩევნიათ, რომ საკვანძო ქვეყანა შუა დერეფანში იმართებოდეს მათი ინტერესების შესაბამისად და არა ჩვენი ეროვნული ინტერესების შესაბამისად. იციან, რომ საქართველო „ქართული ოცნების“ პირობებში გადადგამს შუა დერეფნისთვისაც ყველა ნაბიჯს, რომელიც, პირველ რიგში, ემსახურება ჩვენი ქვეყნის ინტერესებს. ამ კუთხითაც მათ სურთ აგენტურა ქვეყანაში.

მათ ნებისმიერ შემთხვევაში სჭირდებათ აქ აგენტურა, თუმცა, შუა დერეფნის მნიშვნელობიდან გამომდინარე, მათ უკვე მოუწევთ იმასთან შეგუება, რომ ჩვენ ვერ ჩაგვანაცვლებენ ვერც რევოლუციის გზით, ვერც არჩევნების გზით და მოუწევთ ჩვენთან დასხდომა და საუბარი, იქიდან გამომდინარე, რომ დღეს უკვე ევროკავშირს საქართველო მეტად სჭირდება, ვიდრე საქართველოს - ევროკავშირი“, - აღნიშნა ლევან მაჭავარიანმა.