Loading data...
ლევან მაჭავარიანი საფრანგეთის შს მინისტრის განცხადებაზე: ჩვენთვის აქ სიურპრიზი არაფერია, ვეთანხმებით, რომ ნებისმიერი ქვეყნის სუვერენიტეტის დასაცავად აუცილებელია, ქვეყანა დაზღვეული იყოს გარე ჩარევისგან

ლევან მაჭავარიანი საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრის ლორან ნუნიესის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც სენატში გამოსვლისას აღნიშნა, რომ ევროპის რამდენიმე ქვეყანა, საარჩევნო პროცესების დროს, ინფორმაციის მასშტაბური მანიპულაციის მსხვერპლი გახდა და ერთ-ერთ მაგალითად საქართველო დაასახელა. ამ თემაზე ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ „დღის ქრონიკაში“ ილაპარაკა.

„არგუმენტების მოშველიება როდესაც სჭირდებათ, ზუსტად იმ არგუმენტებს ახსენებენ რომლებზეც ვლაპარაკობთ ჩვენ; ასევე, ამერიკის შეერთებული შტატები თითქმის ერთი საუკუნეა იმ არგუმენტებს იშველიებს, რა არგუმენტებზეც ლაპარაკობდა დიდი ბრიტანეთი, როდესაც ამ კანონს იღებდა. ჩვენთვის აქ სიურპრიზი არაფერია. ჩვენ ვეთანხმებით ამ არგუმენტებს; ნებისმიერი ქვეყნის სუვერენიტეტის დასაცავად აუცილებელია, რომ ქვეყანა დაზღვეული იყოს გარე ჩარევისგან და ერთ-ერთ მაგალითად, სწორედ, საქართველო მოიყვანეს“, - აღნიშნა მაჭავარიანმა.

მისივე თქმით, საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა დარწმუნებულია იმ სიმართლეში, რომელზეც მმართველი პარტია წლების განმავლობაში ლაპარაკობდა.