ლევან მაჭავარიანი - სალომე ზურაბიშვილი ძალიან არათანმიმდევრული გახდა, ურთიერთსაწინააღმდეგო განცხადებებს აკეთებს, დარწმუნებული ვარ, თვითონაც არ აქვს კარგად წარმოდგენილი, რაზე საუბრობს

„სალომე ზურაბიშვილი ძალიან არათანმიმდევრული გახდა, ურთიერთსაწინააღმდეგო განცხადებებს აკეთებს, დარწმუნებული ვარ, თვითონაც არ აქვს კარგად წარმოდგენილი, რაზე საუბრობს“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.
მისივე თქმით, სალომე ზურაბიშვილმა ოპოზიციაში საკუთარი როლი დაკარგა.
„ქალბატონ ზურაბიშვილს აბსოლუტურად დაკარგული აქვს როლი იმ რადიკალურ ოპოზიციაში, რომლისთვისაც ერთი წლის წინ ლიდერს წარმოადგენდა. სალომე ზურაბიშვილის განცხადებების გაშიფვრა ძალიან რთულია. ჯერ ქარტიაზე საუბრობდა და ოპოზიციიდან აბსოლუტურად ვერავინ ვერ გაიგო, რაზე იყო საუბარი. შემდეგ იყო პარალელური თუ ალტერნატიული პარლამენტი, ალტერნატიული მთავრობა, შემდეგ რაღაც ერთობა, ასეთი ტიპის განცხადებების გაშიფვრა ფიზიკურად შეუძლებელია და დარწმუნებული ვარ, თვითონაც არ აქვს კარგად წარმოდგენილი, რაზე საუბრობს“, – განაცხადა მაჭავარიანმა.
საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გუშინდელ ბრიფინგზე განაცხადა: „მივმართავ პარტიებს, რომლებიც თამაშობენ რაღაც ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობას, სად ვართ, ვინმე დავარწმუნეთ, რომ ეს არჩევნები რამეს შეცვლის ან ვინმე რამეს მიაღწევს?“. მისივე თქმით, დღევანდელი ამოცანა არის ქვეყნის მომავლის გადარჩენა და ეს არის მისი გზავნილი.