ლევან მაჭავარიანი: საქართველოსა და აშშ-ის ურთიერთობების აღდგენის მიმართულებით პოზიტიურ სიგნალებს ვხედავთ
„ჩვენ ვხედავთ პოზიტიურ სიგნალებს საქართველოსა და აშშ-ის დღევანდელი ადმინისტრაციის ურთიერთობების აღდგენის მიმართულებით“, - განაცხადა საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა.
დეპუტატი ირაკლი კობახიძისა და მარკო რუბიოს შორის გამართულ სატელეფონო საუბარს გამოეხმაურა.
„ბატონი მამუკა მდინარაძე იმყოფებოდა თავისი კოლეგის მიწვევით [აშშ-ში], შემდეგ ბატონი სამხარაძე იმყოფებოდა და ძალიან მაღალი დონის შეხვედრები ჩაატარა თეთრ სახლში. ბატონი რუბიოსა და ვენსის გზავნილები, რომელიც მათ გააჟღერეს ქალბატონ ბოჭორიშვილთან და მიხეილ ყაველაშვილთან შეხვედრის დროს და ახლა სატელეფონო საუბარი ბატონ პრემიერთან - ეს რა თქმა უნდა, გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ოპტიმისტურად ვიყოთ განწყობილი ამ ურთიერთობების აღდგენასთან დაკავშირებით“, - განაცხადა მაჭავარიანმა.
ცნობისთვის, აშშ-ის სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსა და საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს შორის სატელეფონო საუბარი გუშინ, 30 მარტს შედგა.