Loading data...
ლევან მაჭავარიანი - საქართველო იბრუნებს ისტორიულ ფუნქციას „შუა დერეფანში“ დაკავშირებადობის კუთხით

„ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური ზრდა პირველი 8 თვის მონაცემებით, დაახლოებით 8%-ს შეადგენს. ეს არის უპრეცედენტოდ მაღალი მაჩვენებელი რეგიონში, რომელიც ბოლო 5 წლის განმავლობაში გვაქვს. ეს, რა თქმა უნდა, აისახება ჩვენი ქვეყნის ბიუჯეტსა და მოქალაქეების კეთილდღეობაზე“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

ლევან მაჭავარიანმა სიღარიბის შემცირების დინამიკაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქვეყანაში სიღარიბის ზღვარს მიღმა მცხოვრები მოქალაქეების რაოდენობა მნიშვნელოვნად არის შემცირებული.

მისივე თქმით, ეკონომიკურ ზრდას თან ახლავს მოქალაქეებისთვის საგადასახადო ტვირთის შემცირების მიმართულებით გადადგმული ნაბიჯებიც, მათ შორის ქონების გადასახადთან დაკავშირებული ცვლილებები და საპენსიო ფონდში შენატანების გადაუხდელობისთვის დაკისრებული და გადაუხდელი ჯარიმების ამნისტია.

ლევან მაჭავარიანმა ყურადღება გაამახვილა ქვეყნის სატრანზიტო ფუნქციის გაძლიერებასა და იმ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, რომელიც საქართველოს „შუა დერეფნის“ მიმართულებით მნიშვნელოვან როლს ანიჭებს.

„საქართველო იბრუნებს ისტორიულ ფუნქციას „შუა დერეფანში“ დაკავშირებადობის კუთხით. ჩვენ ვავითარებთ ინფრასტრუქტურას - ავტოსაგზაო მაგისტრალებს, აეროპორტებს, საპორტო და სარკინიგზო ინფრასტრუქტურას. ეს ყველაფერი კეთდება არა მხოლოდ დღევანდელი თაობისთვის, არამედ ჩვენი შვილებისა და მომავალი თაობებისთვის“, – აღნიშნა ლევან მაჭავარიანმა.

ლევან მაჭავარიანმა ასევე ისაუბრა ქვეყნის სუვერენიტეტის, ეროვნული იდენტობის, ტრადიციებისა და კულტურის დაცვის მნიშვნელობაზე.

„ჩვენ ვიცავთ ჩვენს მამულს, ენას და სარწმუნოებას. ასეთი სუვერენული და დამოუკიდებელი საქართველო, დამოუკიდებლობის მოპოვებიდან არასდროს არ ყოფილა. ყველა კარგად ხედავს, თუ როგორი მუშაობის და როგორი ბრძოლის ფასად გვიჯდება ეს ყველაფერი. ჩვენი მოქალაქეების აბსოლუტური უმრავლესობა სწორად აღიქვამს იმას, რომ მშვიდობის და სტაბილურობის ერთადერთი გარანტი ამ ქვეყანაში არის „ქართული ოცნება“ ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით“, - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.