ლევან მაჭავარიანი: საქართველო და აზერბაიჯანი „შუა დერეფნის“ ხერხემალი არიან, ამ პროექტის განხორციელებაში საკვანძო როლი გვაქვს
ვალდებული ვართ, ბოლომდე ავითვისოთ ის რესურსი, რისი საშუალებაც ჩვენ მოგვეცა უნიკალური ადგილმდებარეობიდან გამომდინარე, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.
მისი თქმით, საქართველო და აზერბაიჯანი „შუა დერეფნის“ ხერხემალი არიან.
„რა თქმა უნდა, საქართველო და აზერბაიჯანი შუა დერეფნის ხერხემალი არიან. მინდა, აზერბაიჯანის პრეზიდენტის საყვედური გავიხსენო, რომელიც ურსულა ფონ დერ ლაიენის მიმართ ჰქონდა, რომელმაც საქართველო საერთოდ გამოტოვა, როცა შუა დერეფანზე საუბრობდა. მას ალიევმა უსაყვედურა, რომ დროა, ქალბატონმა ურსულამ რუკას დახედოს. რა თქმა უნდა, ამ პროექტის განხორციელებაში საქართველოს საკვანძო როლი აქვს.
ჩვენ საკვანძო როლი გვაქვს და პროექტები, რასაც ვახორციელებთ დაკავშირობადობიდან გამომდინარეობს, მათ შორის რკინიგზის განახლება, ავტომაგისტრალების მშენებლობა, პორტების მოდერნიზაცია და ახალი აეროპორტების მშენებლობა.
რა თქმა უნდა, ვალდებული ვართ, ბოლომდე ავითვისოთ ის რესურსი, რისი საშუალებაც ჩვენ მოგვეცა უნიკალური ადგილმდებარეობიდან გამომდინარე. ხელისუფლება მოტივირებულია, რომ ეს როლი ათასი პროცენტით იყოს ათვისებული“, - აღნიშნა მმართველი გუნდის დეპუტატმა.