Loading data...
ლევან მაჭავარიანი: საიას შეუძლია, სასამართლოს ნებისმიერ რაღაცაზე მიმართოს - ქუჩაში წივილ-კივილს ყოველთვის სჯობს, სასამართლოში წახვიდე და შესაბამის განაჩენს დაელოდო

საია ჩვეულებრივი პოლიტიკური აქტივიზმით დაკავებული ორგანიზაციაა, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა. 

იგი გამოეხმაურა „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციას, სადაც ნათქვამია, რომ წყლის ჭავლში შერეული ნივთიერებებით დაზიანებული მოქალაქეების სახელით სამართალწარმოებას იწყებს.

მაჭავარიანის თქმით, ძალაში რჩება პრემიერის შეთავაზება საერთაშორისო აქტორების მიმართ, რომ ჩამოვიდნენ საქართველოში და თავიანთი დასკვნა დადონ.

„საიას შეუძლია, სასამართლოს ნებისმიერ რაღაცაზე მიმართოს. ქუჩაში წივილ-კივილს ყოველთვის სჯობს, სასამართლოში წახვიდე და შესაბამის განაჩენს დაელოდო. რაც შეეხება ზღაპრებს მოწამვლასა და ქიმიურ ნივთიერებასთან დაკავშირებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ამასთან დაკავშირებით გამოძიება ჩაატარა.

პრემიერ-მინისტრის შეთავაზებაც ძალაშია - ნებისმიერ დაინტერესებულ საერთაშორისო აქტორს შეუძლია, ჩამობრძანდეს და ყველა საგამოძიებო მასალას მივაწვდით, რათა თავიანთი დასკვნა დადონ. ამ შეთავაზებაზე გამოხმაურება დღემდე არ ყოფილა. ძალიან ეჭვი მეპარება, საიას, პოლიტიკური მიზნების გარდა, სხვა მიზნები ამოძრავებდეს. საიაც ჩვეულებრივი პოლიტიკური აქტივიზმით დაკავებული ორგანიზაციაა“, - აღნიშნა ლევან მაჭავარიანმა.