Loading data...
ლევან მაჭავარიანი: როგორც „ნაცები“ ავრცელებენ ნახევარსაათიან ტყუილებს, ზუსტად იმავე რეჟიმშია გადასული გახარიას პარტიაც

პარლამენტის ტრიბუნიდან ნათქვამი ტყუილები - „ქართული ოცნება“ გახარიას გუნდის წევრის, ვიკა ფილფანის დეზინფორმაციულ და არაერთი სიცრუის შემცველ განცხადებაზე საუბრობს. ფილფანმა 15 სექტემბერს, პოლიტიკური გამოსვლის დროს, მისივე მტკიცებით, ქვეყანაში გაუარესებულ კრიმინოგენურ მდგომარეობაზე ისაუბრა და თქვა, რომ პირველ კვარტალში რეგისტრირებულია 532 განზრახ მკვლელობის ფაქტი, რეალურად კი ეს მაჩვენებელი არა 532, არამედ 15-ია.

ფილფანის მიერ დასახელებული ციფრი მოიცავს სიცოცხლის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების საერთო რაოდენობას, მათ შორის გაუფრთხილებლობით გარდაცვალებას, სუიციდს და სუიციდის მცდელობას.

ოპოზიციონერმა დეპუტატმა არასწორად დაასახელა სხვა დანაშაულის სტატისტიკური მაჩვენებლებიც, რაც, „ქართული ოცნების“ შეფასებით, საზოგადოების განზრახ შეცდომაში შეყვანის მცდელობა და პოლიტიკური სპეკულაციებია. მმართველ გუნდში ითქვა ისიც, რომ გახარიას შინაგან საქმეთა მინისტრობის პერიოდთან, ანუ 2019 წელთან შედარებით დანაშაულის რიცხვი შემცირდა, გახსნის მაჩვენებელი კი 40 პროცენტით გაიზარდა.

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან მაჭავარიანი აცხადებს, რომ ნაცები ტყუილს ავრცელებენ.

„ეს არის კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“. როგორც ნაცები ავრცელებენ ნახევარსაათიან ტყუილს, ზუსტად იმავე რეჟიმში არის გადასული, სამწუხაროდ, გახარიას პარტიაც და ციფრებით მანიპულირებს, სტატისტიკით მანიპულირებს და ისინი აპელირებდნენ, რომ თურმე დღეს ვერ იხსნება დანაშაული იმ პროცენტული მაჩვენებლით, რაც უნდა იყოს მისაღები.

ყველას შევახსენებ, რომ კონკრეტულად ის დანაშაულები, რაზეც ისინი აპელირებდნენ, როდესაც ბატონი გახარია იყო შინაგან საქმეთა მინისტრი, იმ პერიოდს რომ შევადაროთ, ორნახევარჯერ მეტი არის გახსნილი საქმეების რაოდენობა. შესაბამისად, მათ სალაპარაკო არაფერი არ აქვთ“, - აცხადებს ლევან მაჭავარიანი.