Loading data...
ლევან მაჭავარიანი: როგორი კონფიგურაციითაც არ უნდა გამოვიდეს ოპოზიცია, დამაჯერებლად და ძალიან დიდი ანგარიშით მოვუგებთ 64-ვე მუნიციპალიტეტში

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილის ლევან მაჭავარიანის განცხადებით, ოპოზიციაში სერიოზული დაპირისპირება და ქაოსია.

როგორც დეპუტატი აღნიშნავს, ოპოზიციაში შიდა დაპირისპირება და შიდა კონკურენცია მუდმივად იქნება. 

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ თვითმმართველობის არჩევნებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მმართველ გუნდს საშტაბო მუშაობა დაწყებული აქვს. 

„სერიოზული დაპირისპირება და ქაოსი არის 4 ოპოზიციურ პარტიას შორის. შიდა კონკურენციაა, ყველას თავის ამბიცია აქვს, რა თქმა უნდა, ყველას უნდა ფავორიტი იყოს გარე ძალებისთვის. ფავორიტს უფრო მეტი დაფინანსება შეხვდება, უფრო მეტ ფულს იშოვის, უფრო მეტი კეთილდღეობით ისარგებლებს და ა.შ. რა თქმა უნდა, ეს შიდა დაპირისპირება და შიდა კონკურენცია - იყო, არის და მუდმივად იქნება მიუხედავად იმისა, რომ ისინი ერთ მექანიზმს წარმოადგენენ.

თუმცა, მინდა ვუთხრა ჩვენს მოქალაქეებს, როგორო კონფიგურაციაც არ უნდა დალაგდეს, როგორი დავალებაც არ უნდა მიიღოს ამ 4-მა პარტიამ, დაიშალოს 8 პარტიას, 26 პარტიად, გაერთიანდეს ერთ პარტიად, შემოიკრიბოს ისევ ქალბატონმა ზურაბიშვილმა, შემოიკრიბოს პაატა ბურჭულაძემ, რომელიც აქტიურობს ორიგინალური იდეებით, მნიშვნელობა არ აქვს, ჩვენ საშტაბო მუშაობა უკვე დაწყებული გვაქვს და ვემზადებით ნებისმიერი კონფიგურაციისთვის. როგორი კონფიგურაციითაც არ უნდა გამოვიდეს ოპოზიცია, ჩვენ დამაჯერებლად, ძალიან დიდი ანგარიშით 64-ვე მუნიციპალიტეტში მოვუგებთ  - მერის და საკრებულოს არჩევნებს“, - აღნიშნავს მმართველი გუნდის დეპუტატი.