Loading data...
ლევან მაჭავარიანი: როდესაც დაკავშირებადობის შესახებ იმართება შეხვედრა, საქართველო უნდა იყოს მიწვეული, ჩვენ ვართ თავმოყვარე ქვეყნის თავმოყვარე ხელისუფლება და ისეთ შეხვედრაზე მონაწილეობას არ მივიღებთ, სადაც მხოლოდ საქართველო უნდა იყოს უფრო დაბალი რანგით წარმოდგენილი, ვიდრე სხვა ქვეყნები

ჩვენი საზოგადოება კარგად ხედავს, როგორი მჭიდრო ურთიერთობა გვაქვს ჩვენს მეზობლებთან, რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენი ურთიერთობა შუა აზიის ქვეყნებთან, ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ გავატაროთ და დავიცვათ ჩვენი ეროვნული ინტერესები, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა.

მისივე თქმით, ბრიუსელი უნდა გამოვიდეს იმ რეჟიმიდან, რომელშიც დღეს იმყოფება.

„როდესაც დაკავშირებადობის შესახებ იმართება შეხვედრა, საქართველო უნდა იყოს მიწვეული, პირველ რიგში და იქაც მათი მხრიდან შეურაცხმყოფელი ჟესტია. ჩვენ ვართ თავმოყვარე ქვეყნის თავმოყვარე ხელისუფლება და ისეთ შეხვედრაზე მონაწილეობას არ მივიღებთ, სადაც მხოლოდ საქართველო უნდა იყოს უფრო დაბალი რანგით წარმოდგენილი, ვიდრე სხვა ქვეყნები. ესეც დემონსტრაციულად კეთდება მათი მხრიდან.

გაფართოებასთან დაკავშირებულ სამიტზე ისევ ქალბატონი ნინო ლომჯარია ჰყავთ საქართველოს სახელით. ჩვენი საზოგადოება იმაში დარწმუნდა, რომ პრობლემა საქართველოსა და ჩვენს ხელისუფლებაში არ არის, პრობლემა არის თავად ბრიუსელში. მათ უნდა გადახარშონ ის, რომ ჩვენ ვერ გამოგვიყენებენ პროქსი ქვეყნად, სამწუხაროდ, როგორც გამოიყენეს უკრაინა. თავიანთ აგენტურას ვერ დააბრუნებენ ხელისუფლებაში და საქართველოს შესახებ გადაწყვეტილებებს მივიღებთ საქართველოშივე. მათ უნდა გადახედონ თავიანთ მიდგომებს.

ნებისმიერ დროს მზად ვართ, რომ გადავფურცლოთ ამდენი უსამართლობა, რაც ჩვენ ამ 4-5 წლის განმავლობაში ვიხილეთ ბრიუსელის მხრიდან. პოლიტიკაში ემოციების ადგილი არაა, ამის გამო პასუხს არავის მოვთხოვთ, თუმცა ჩვენ გვსურს, რომ, როდესაც დავსხდებით სასაუბროდ, ეს იყოს საგნობრივი დისკუსია და არ იყოს თითის ქნევით საუბარი, ვინაიდან ჩვენ ამას არ მივიღებთ. ჩვენ ვითხოვთ ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებულ ურთიერთობას და პარტნიორობას“, - აღნიშნა ლევან მაჭავარიანმა.