ლევან მაჭავარიანი: რიგი აქტორები უვიზო მიმოსვლას შანტაჟის მექანიზმად იყენებენ, შანტაჟის არ გვეშინია, უვიზო მიმოსვლა „ქართული ოცნების“ მონაპოვარია

„რიგი აქტორები უვიზო მიმოსვლას შანტაჟის მექანიზმად იყენებენ. შანტაჟის არ გვეშინია, ეს საქმით გვაქვს დამტკიცებული და ჩვენს კურსს მივყვებით“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.
მისი თქმით, უვიზო მიმოსვლა „ქართული ოცნების“ მონაპოვარია.
როგორც დეპუტატი აღნიშნავს, მმართველი გუნდის კურსია ქვეყნის სუვერენიტეტის გამყარება და მეტი დამოუკიდებლობა.
„უვიზო მიმოსვლა „ქართული ოცნების“ მონაპოვარია. ჩვენ ვხედავთ, რომ გარედან რიგი აქტორები, რომლებიც მფარველობენ კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“, ამას იყენებენ შანტაჟის მექანიზმად. ჩვენ ორი შანტაჟის მექანიზმი გამოვაცალეთ, პირველი იყო კანდიდატის სტატუსი, შემდეგ კი, მოლაპარაკებების გახსნის საკითხი, ახლა ვიზალიბერალიზაციის გარშემო საუბრობენ. ტუსკი იყო, ვინც თავიდან ამ მუქარების ავანგარდში მოგვევლინა. კარგად ვიცით პოლონეთის მთავრობის დამოკიდებულება კონკრეტულად სააკაშვილთან მიმართებით.
საგარეო საქმეთა მინისტრი იქნება თუ ევროპარლამენტარები პოლონეთიდან, ისინი ძალიან გულშემატკივრობენ და მეგობრობენ სააკაშვილთან. ჩვენ ამისთვის არანაირი სამართლებრივი საფუძველი არ შეგვიქმნია. შესაბამისად, ოპტიმისტურად ვართ განწყობილი. დემოკრატიის უკუსვლაზე საუბარს რაც შეეხება, სამწუხაროდ, ეს ყველაფერი გვესმის იმ დღიდან, რაც უკრაინაში დაიწყო ის ტრაგედია, რა ტრაგედიაც ტრიალებს.
კარგად გვახსოვს, როდესაც ამერიკის ყოფილი ადმინისტრაციის პირობებში ბლინკენის პრესსპიკერი გვსაყვედურობდა, რომ დემოკრატიის უკუსვლაა საქართველოში. შემდეგ ჩაბრძანდებოდნენ, მაგალითად, მონღოლეთში და იტყოდნენ, რომ მონღოლეთი დემოკრატის შუქურაა.
ომის დაწყების დღიდან შანტაჟის ენით გვესაუბრებოდნენ და ამ საუბარს აგრძელებენ. ჩვენ ამას მიჩვეული ვართ და შანტაჟის არ გვეშინია. ეს საქმით გვაქვს დამტკიცებული და ჩვენს კურსს მივყვებით.
ჩვენი კურსია ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის გამყარება და მეტი დამოუკიდებლობა საქართველოსთვის. საქართველო შემდგარია უკვე, როგორც დამოუკიდებელი, სუვერენული და სამართლებრივი სახელმწიფო. ჩვენი კურსია, გავატაროთ ჩვენი ეროვნული ინტერესები“, - აღნიშნა მაჭავარიანმა.