Loading data...
ლევან მაჭავარიანი: რაც უფრო მეტი დრო გადის, საზოგადოება რწმუნდება, რომ ჩვენი გადადგმული ნაბიჯები უალტერნატივოა და მშვიდობის, სტაბილურობის და ეკონომიკური განვითარების ერთადერთი გარანტორი ამ ქვეყანაში არის „ქართული ოცნება“

„რაც უფრო მეტი დრო გადის, საზოგადოება რწმუნდება, რომ ჩვენი გადადგმული ნაბიჯები უალტერნატივოა და მშვიდობის, სტაბილურობის და ეკონომიკური განვითარების ერთადერთი გარანტორი ამ ქვეყანაში არის „ქართული ოცნება“, - განაცხადა საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა გადაცემაში „იმედი LIVE“.

წამყვანმა ჰკითხა, როგორ შეიძლება გაქრეს დერადიკალიზაცია პარტიების აკრძალვით, თუ ისინი ქუჩის პროტესტს გააგრძელებენ.

„მათთვის რა იცვლება - ახლაც ქუჩაში არიან. ერთადერთი, ახლა თუ იყენებენ პარტიის სახელს, მერე ის პარტია აღარ იარსებებს. „ლელოს“ ხმებს და გახარიას ხმებს ხომ ვხედავთ?! რაც უფრო მეტი დრო გადის, საზოგადოება რწმუნდება, რომ ჩვენი გადადგმული ნაბიჯები უალტერნატივოა და მშვიდობის, სტაბილურობის და ეკონომიკური განვითარების ერთადერთი გარანტორი ამ ქვეყანაში არის „ქართული ოცნება“.

რაც ბატონი ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტი გახდა, ბევრ რაღაცაში მოგვეხმარა, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ, „ქართული ოცნება“ რასაც ვბედავდით და ოთხი წელი რაზეც ვსაუბრობდით ღიად, აბსოლუტურად ყველაფერი დადასტურდა. იგივე უკრაინის ომთან მიმართებით, როგორ გაწირეს უკრაინა, ეს რომ „პროქსი ომია“ და სატელიტ-ქვეყნად რომ გამოიყენეს, როგორ ჰპირდებოდნენ დაჩქარებული წესით ნატოში მიღებას, ძალიან ბევრ რაღაცას მოეფინა ნათელი. ჩვენი საზოგადოება დარწმუნდა იმაში, რომ ჩვენი ნაბიჯები აბსოლუტურად უალტერნატივო იყო, დანის პირზე ვიარეთ და ამას დაგვიფასებს ქართველი ხალხი“, - აღნიშნა მაჭავარიანმა.