ლევან მაჭავარიანი: რაც ბატონი კობახიძე ავირჩიეთ პრემიერ-მინისტრად, ორი წელი სრულდება უკვე და მას შემდეგ ყველა სამთავრობო განკარგულება არის აბსოლუტურად გამჭვირვალე
„რაც ბატონი კობახიძე ავირჩიეთ პრემიერ-მინისტრად, ორი წელი სრულდება უკვე და შევახსენებ ჩვენს საზოგადოებას, რომ მას შემდეგ ყველა სამთავრობო განკარგულება არის აბსოლუტურად გამჭვირვალე“, - განაცხადა საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილე ლევან მაჭავარიანმა გადაცემაში „იმედის კვირა“.
მაჭავარიანმა იმ ნაბიჯებზე ისაუბრა, რომლებიც მთავრობამ კორუფციის აღმოსაფხვრელად გადადგა.
„ბატონმა კობახიძემ შეცვალა ქონების პირდაპირი წესით პრივატიზირების პრაქტიკა, მან ჩამოაყალიბა მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტი, რომელიც მუშაობს კორუფციის აღმოფხვრაზე. სუსის ხელმძღვანელი გახდა ბატონი მდინარაძე, რომელიც, რა თქმა უნდა, ასევე მუშაობს კორუფციის აღმოფხვრაზე. გაძლიერდა აუდიტის სამსახური და გენერალურ აუდიტორად დაინიშნა ისეთი კვალიფიციური ადამიანი, როგორიც ბატონი გაბიტაშვილია. ბატონი კობახიძის ინიციატივით დავაინიცირეთ და მივიღეთ კანონი კორუფციის წინააღმდეგ, რომელიც ითვალისწინებს იმას, რომ ნებისმიერი ადამიანი, რომელიც მსჯავრდებული იქნება კორუფციაზე და თუ მას იმედი აქვს, რომ გადამალავს რაღაც თანხას, გამოვა ციხიდან და შემდეგ ამ გადამალულ თანხებს მოიხმარს, ამის საშუალებას არ მივცემთ, ვინაიდან მას და მისი ოჯახის თითოეულ წევრს მოუწევს დეკლარაციის შევსება მომდევნო 30 წლის განმავლობაში. ასევე, ახალი სამთავრობო ინიციატივა არის უპრეცედენტო. მთავრობას ექნება საშუალება, რომ ცენტრალიზებული შესყიდვები განახორციელოს და ბაზრის კვლევის გაციფრულება მოხდება თავიდან ბოლომდე, ერთიან სისტემაში იქნება ყველა შემსყიდველი ორგანო და აბსოლუტურად ყველა მიმწოდებელი კომპანია და იქაც ნულამდე იქნება დასული შესყიდვების პროცესში ვინმე კონკრეტულზე პირობების მორგების მცდელობა. ეს ყველა ნაბიჯი სწორედ იმას გულისხმობს, რომ არავის ვაპატიებთ არანაირ კორუფციას, არანაირ ხელის მოთბობას ჩვენი ქვეყნის ბიუჯეტის ხარჯზე, ჩვენი მოქალაქეების ხარჯზე“, - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.