Loading data...
ლევან მაჭავარიანი რადიკალებზე: მნიშვნელობა არ აქვს 26 მაისს დაამთხვევენ ისინი შეკრებას თუ აქციას, აბსოლუტურად განულებულები არიან

„მნიშვნელობა არ აქვს 26 მაისს დაამთხვევენ ისინი შეკრებას თუ აქციას აბსოლუტურად განულებულები არიან“, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილე ლევან მაჭავარიანმა რადიკალებთან დაკავშირებით.

მაჭავარიანის თქმით, მათ შეკრებას ვერანაირი შედეგები ვერ ექნება და კიდევ ერთხელ გამომჟღავნდება თუ რა რეიტინგი აქვთ.

„ზოგადად, „ნაციონალურ მოძრაობას“, „კოლექტიურ ნაცებს“ ძალიან უყვართ თარიღები და სიმბოლიზმი, ყოველთვის რაღაცას რაღაც თარიღს ამთხვევდნენ ხოლმე. მეორეს მხრივ, როდესაც გლოვის ან საზეიმო თარიღია, სადაც მოქალაქეები უნდა ერთიანდებოდნენ, მათ ურჩევნიათ ამ თარიღს დაამთხვიონ თავიანთი ბინძური ღონისძიება იქიდან გამომდინარე, რომ მოქალაქეებს შორის დაპირისპირება გამოიწვიონ.

ამ შემთხვევაში, მნიშვნელობა არ აქვს 26 მაისს დაამთხვევენ ისინი შეკრებას გეგმავენ თუ აქციის ჩატარება უნდათ. აბსოლუტურად განულებულები არიან. ვერანაირი შედეგი ვერ ექნება, კიდევ ერთხელ გამომჟღავნდება თუ რა რეიტინგი აქვთ მათ, რომელიც უკვე ნულთან ძალიან ახლოს არის. ქუჩაში ვერავის გამოიყვანენ. ბავშვობაში რომ ვთამაშობდით შტაბობანას, ზუსტად იმავეს ვადევნებთ თვალს. მერამდენეჯერ დაიშალნენ, გაერთიანდნენ. როდესაც დაშლილები არიან, უშვერი სიტყვებით ლანძღავენ ერთმანეთს, ვერავინ ვერავის იტანს. მერე დასხდებიან გარე პატრონების დავალებით, თითქოს რაღაც გაერთიანება, მოღიმარი სახეები და ერთმანეთს ატყუებენ, თავის თავს იტყუებენ, რომ ვითომ რაღაც შეიქმნა, რაღაც შეუძლიათ. რაც უფრო მალე გამოვლენ ამ ილუზიებიდან და სიმართლეს თვალს გაუსწორებენ, პირველ რიგში მათთვისვე იქნება ეს ყველაფერი სასარგებლო“, - აღნიშნა ლევან მაჭავარიანმა.