ლევან მაჭავარიანი: პროკურატურამაც გამორიცხა, რომ არჩევნებში ერთი ადამიანი თითქოს ხმას აძლევდა სხვადასხვა უბანზე
არჩევნების შესაძლო გაყალბების ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების შუალედურ შედეგებს, რომელიც 15 იანვარს პროკურატურამ გაავრცელა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ლევან მაჭავარიანი გამოეხმაურა.
როგორც მაჭავარიანმა აღნიშნა, ოპოზიციის ბრალდება ავტორიტეტულმა დამოუკიდებელმა აუდიტორულმა კომპანიამ სამი ეტაპის აუდიტის ჩატარების შემდეგ გამორიცხა, რაც, ასევე, არ მოხვდა ეუთო/ოდირის საბოლოო ანგარიშში.
„პროკურატურის ეს განცხადება დაემთხვა ეუთო/ოდირის საბოლოო ანგარიშს, ერთი ადამიანი, რომ თითქოს ხმას აძლევდა სხვადასხვა უბნებზე, ეს პროკურატურამაც გამორიცხა. ეს პირველად გამორიცხა იმ ამერიკულმა, ძალიან ავტორიტეტულმა დამოუკიდებელმა აუდიტორულმა კომპანიამ, რომელმაც სამი ეტაპის აუდიტი ჩაატარა და მესამე ეტაპი სწორედ ამას ეხებოდა, რომ სიების დუბლირება გამორიცხული იყო.
შემდეგ ეს ეუთო/ოდირის საბოლოო ანგარიშშიც არ მოხვედრილა, რასაც ოპოზიცია ჩვენ გვაბრალებდა და აპელირებდა, რომ 300 ათასი ხმა გაყალბდა და ხმების დუბლირება ხდებოდა ერთი ადამიანის სხვადასხვა უბანზე აძლევდა ხმას.
ეს ბრალდებები მტკიცებულებებით არ არის დადასტურებული, არც ოპოზიციის, არც ერთი აქტორის მხრიდან და რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ეუთო/ოდირის ანგარიშში ასახული არ არის“, - აღნიშნა მაჭავარიანმა.