Loading data...
ლევან მაჭავარიანი: ოპოზიციურ გაერთიანებაში თავს იყრიან ყველა დროის „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები, რომლებიც ერთმანეთს ვერ იტანენ და გარე დავალებით არიან ერთად

პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილის ლევან მაჭავარიანის განცხადებით, ოპოზიციურ გაერთიანებაში თავს იყრიან ყველა დროის „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები, რომლებიც ერთმანეთს ვერ იტანენ და გარე დავალებით არიან ერთად.

მისი განმარტებით, მიხეილ სააკაშვილს თავისივე გამოზრდილი „მიშისტები“ აუმხედრდნენ, რადგან ისინი აღიქვამენ თუ რამდენად დაზიანებულია მიხეილ სააკაშვილი. თუმცა, იმას ვერ აღიქვამენ, რომ თვითონაც ანალოგიურად დაზიანებულები არიან.

„ჩვენ ვხედავთ, რომ ამ გაერთიანებაში თავს იყრიან ყველა დროის „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები. ისინი ერთმანეთს ვერ იტანენ და როდესაც არ არიან გაერთიანებულები ერთმანეთს ლანძღავენ, შემდეგ გაერთიანდებიან და ერთმანეთს ამხნევებენ. ისინი ერთიანდებიან გარე დავალებების, მითითებების შესაბამისად და ამ შემთხვევაში, აუმხედრდნენ მიხეილ სააკაშვილს თავისივე გამოზრდილი „მიშისტები“, იქიდან გამომდინარე, რომ ისინი აღიქვამენ თუ რამდენად დაზიანებულია მიხეილ სააკაშვილი.

თუმცა, იმას ვერ აღიქვამენ, რომ თვითონაც ანალოგიურად არიან დაზიანებულები, ვინაიდან იმ რეჟიმის მონაწილეები იყვნენ სააკაშვილთან ერთად და რაც ხელისუფლებაში არ არიან, მუდმივ რეჟიმში ეწევიან ჩვენი ქვეყნის საბოტაჟირებას და მავნებლურ საქმიანობას საქართველოსთან მიმართებით. შესაბამისად, ისინი ერთად იქნებიან თუ ცალკე, ნულოვანი შანსი აქვთ ნებისმიერ წარმატებასთან დაკავშირებით“, - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.